დღეს, 31 მაისს, დილის 06:00 საათიდან ბორჯომის ორივე ქარხანაში დასაქმებულებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყეს.
ამ დროისთვის ქარხანა გაჩერებულია.
თანამშრომლები პირველი ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ ადგილზე კარვები გაშალეს და უვადო სრულმასშტაბიანი გაფიცვისთვის ემზადებიან.
ქარხნის თანამშრომლებს დამსაქმებლებთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
ისინი ითხოვენ, რომ სამსახურში დააბრუნონ გათავისუფლებული 50 თანამშრომელი, ასევე გაიზარდოს ხელფასები 25 %-ით:
“დილის 06:00 საათიდან განხორციელდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს.
დასაქმებულები ითხოვენ უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში აღდგენას, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებას და ხელფასების 25%-ით მომატებას, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას და ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა”, – განაცხადა საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ.