საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობა ითხოვს განმარტებას ინსტიტუციებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე.
აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ისაუბრა.
“ის რომ დღეს დაჩქარებით მოხდა გადაწყვეტილების ფორმალიზება დაკავშირებულია სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან.
მე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რეალური გამოცდის წინაშე დადგა დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ისეთი, რაც მას არსებობის განმავლობაში არ ჰქონია და ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს ადამიანები მოახერხებენ, ამ ძალიან მძიმე ხიდზე მშვიდად გაიარონ და არ ჩატეხონ ეს ერთადერთი ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ თეორიულად სადღაც არსებობს და ანათებს სასამართლო სისტემაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო დანარჩენ სასამართლო სისტემასთან შედარებით ნამდვილად ობიექტურად გამოიყურებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც დღეს ჩნდება არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაიცადა რამდენიმე კვირა, სანამ სტატუსზე მინიჭების შესახებ პარტნიორების გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი და სარჩელი ახლა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მე არ მაქვს ეს კითხვა იმიტომ, რომ პირველი დღიდან, როდესაც უკრაინამ განაცხადი გააკეთა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაფრის გაკეთებას არ გეგმავდა.
შემდეგ ბრიუსელიდან იყო მკაფიო გზავნილები, ქუჩაში გამოსულმა საქართველოს მოსახლეობამ კი ისინი იძულებული გახადა, რომ განაცხადი გაკეთებინათ.
კითხვარი ყველაზე ბოლოებმა წარვადგინეთ, მაგრამ არაუშავს მთავარია, რომ წარვადგინეთ.
ამასობაში წარმოდგენა არ გვაქვს იმ კითხვარში პასუხებზე რა წერია. ჩვენი ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც საზოგადოებას დაუმალა ეს პასუხები.
იმის მერე რაც ეს ფორმალური პროცესი დასრულდა და მოლოდინის რეჟიმში გადავედით, ანუ ბრიუსელმა დაიწყო დაკვირვება გადაწყვეტილების მისაღებად, ხან დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორი დავიჭირეთ, რომლის წინააღმდეგაც საქმე უკვე 2 წელია აღძრულია და აბსოლუტურად არანაირი მიზეზი არ არსებობს, გარდა პოლიტიკური შეკვეთისა, რომ მაინც და მაინც ამ ორ კვირაში დაეპატიმრებინათ ნიკა გვარამია.
არ არსებობს დედამიწაზე არცერთი ფორმალური პროცედურა, რომელიც 2 კვირას ვერ მოიცდის ასეთ ვითარებაში.
შემდეგ ვუყურებთ უკვე ამ 37-წლიანი წლებისმაგვარ აღვირახსნილ კამპანიას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს სწორედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
და ახლა, დღეს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან დაკავშირებით.
აღარაფერს ვამბობ ევროპარლამენტის წევრების ლანძღვაძე, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების ლანძღვაძე, მუდმივ შეუჩერებელ დემაგოგიაზე, უპატივცემულობაზე, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან მომდინარეობს.
ეს ყველაფერი ერთადერთ რამეზე გაფიქრებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ბრიუსელმა არ მიიღოს საქართველოს სასარგებლოდ,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
