ორი ათასი წლის განმავლობაში ადამიანებმა ბლის 4 ათასამდე სახეობა გამოიყვანეს – წითელი, ყვითელი, თეთრი და ვარდისფერი. ყველა მათგანი გემრიელია და სასარგებლოც, რომლებიც ერთმანეთისგან არა მარტო ფერისა და გემოს მიხედვით განსხვავდებიან, არამედ პიგმენტური ნივთიერებების, შაქრისა და ორგანული მჟავების შემადგენლობითაც. რაც უფრო მუქია მისი შეფერილობა უფრო ტკბილია, თუმცა ძალიან მუქი ფერის ნაყოფი ცოტა მსუყეა. ყვითელი ფერის ბალი გემოთი უფრო ნაზი, ზომიერად ტკბილი და უფრო ნაკლებ ალერგიულია.
მუქი ფერის ბალში ბევრია ანტოციანები – ნატურალური წითელი და იისფერი პიგმენტები, რომლებიც განეკუთვნება ბიოფლავონოიდებს – ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს, იცავენ ორგანიზმს კიბოსგან და აქვთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. რაც უფრო მუქი წითელი ფერისაა ბალი, მით სასარგებლოა. საფრანგეთში რამდენიმე სპეციალიზებული ქარხანა აწარმოებს ბლის ღვინოს, რომელიც ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, წითელ ღვინოზე არანაკლებად ამაგრებს გულ-სისხლძარღვებს. ბლის ღია ფერის სახეობებსაც აქვთ თავისი „ღირსებები“ – იშვიათად იწვევენ ალერგიას.
ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა მჟავე ჯიშის ბალი. ბალს სიმჟავეს აძლევს ორგანული მჟავები. ტკბილი ბალი წარმოქმნის კუჭ-ნაწლავში აირებს, იწვევს მეტეორიზმს. ბალი არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს დიარეა და მეტეორიზმი, შებერილობა, დიაბეტი. წნევის დასარეგულირებლად ყოველდღე მიირთვით მუქი ფერის ბალი, რომელიც შეიცავს სისხლძარღვების კედლების გასამაგრებელ ნივთიერებებს. რკინა და სხვა ნაერთები, რომელსაც ბალი შეიცავს, ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, დღიური ნორმაა – 500გ. ბალი ხსნის სახსრებში ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს. სასურველია ყოველდღე მიიღოთ ბლის კონცენტრირებული წვენი (1ს/კ 3-ჯერ დღეში). ჭრილობებზე დაიდეთ ბლის წვრილად დაჭრილი ნედლი ფოთლები.

ბალი უნდა იყოს პრიალა, ყუნწიანი, მწიფე, მაგრამ არა გადამწიფებული. სასურველია დაგემოვნება. იგი არ უნდა იყოს წებოვანი და არ უნდა ჰქონდეს მომჟავო სუნი. იმის გასაგებად, არის თუ არა ჭიანი, უნდა ავიღოთ ბლის ერთი ყველაზე მწიფე ნაყოფი და გავხსნათ, თუ მასში აღმოჩნდა იგი, მაშინ არ არის გამორიცხული რომ სხვა ნაყოფიც დასნებოვნებული იყოს, თუმცა ეს მიგვანიშნებს ნაყოფის ნატურალურობაზე. ბალი მალფუჭებად ხილს მიეკუთვნება. მისი შენახვა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შეგვიძლია, ისიც მაცივრის პირობებში. შესაძლებელია ბლის შენახვა დაკონსერვებულ მდგომარეობაში, აგრეთვე ბლის ჩირის დამზადება და გაყინვაც. დაკონსერვებული ბალი კურკა-გამოცლილი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე კურკიანი. დასაკონსერვებლად უპირატესობა ენიჭება ძალიან მუქი ფერის ან თეთრ ბალს.