LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანერწყვე ჯირკვლები

105
სანერწყვე ჯირკვლები

ადამიანს აქვს რამდენიმე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი: წყვილი ყბაყურა, წყვილი ქვედა ყბისქვეშა და ერთი ენისქვეშა, – რომლებიც ძირითად ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი – პირის ღრუს ფსკერი, ლოყის ლორწოვანი, სასის ლორწოვანი. სანერწყვე ჯირკვალი ნერწყვს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით პირის ღრუში ხვდება, სადაც საკვების გუნდას ერევა და ხელს უწყობს მის მონელებას. ამის შემდეგ უკვე დამუშავებული საკვების გუნდა საყლაპავის გავლით კუჭში გადადის და მისი მონელების პროცესი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გრძელდება. ნერწყვს ანტიბაქტერიული თვისებებიც აქვს – პირის ღრუში არსებულ მიკრობებს ანადგურებს. ხშირია როგორც მცირე, ისე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვლების ანთებითი პროცესები. ამ დროს პაციენტს, ჩვეულებრივ, აწუხებს ჯირკვლის საპროექციო არეში ქსოვილების შესივება და შეშუპება. სანერწყვე ჯირკვალში ხშირად ჩნდება კენჭი, რომლის წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვინაიდან ის ყველაზე ხშირად მწეველებს უჩნდებათ, არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს წევაა. ქალები ამ მხრივ მამაკაცებს არ ჩამოუვარდებიან, ამიტომ კენჭებიც ქალებსა და მამაკაცებთან დაახლოებით თანაბარი სიხშირით გვხვდება. 

ქრონიკული ანთების მიზეზი, გარდა კენჭისა, შეიძლება იყოს ვირუსი, ჯირკვლის არეში არსებული წარმონაქმნი – ცისტა, სიმსივნური პროცესი და სხვა. სანერწყვე ჯირკვლის ცისტა უმეტესად ახალგაზრდებს უჩნდებათ, განსაკუთრებით – თხილის, ნიგვზის, მზესუმზირას მოყვარულებს, ვინაიდან ასეთი სასუსნავი ხშირად აჩენს მიკროტრავმებს პირის ღრუს ლორწოვანზე. ქვედა ტუჩის არეში ლორწოვანი გარსი ამ დროს ამობურცულია, პალპაციით – უმტკივნეულო, მოძრავი და რბილი. თუ დაჩირქდა, ცხადია, მტკივნეული ხდება. 

გუჟერო-შოგრენის სინდრომს ახასიათებს სიმპტომების ტრიადა: თვალების სიმშრალე ანუ ქსეროფთალმია, პირის სიმშრალე – ქსეროსტომია და სისტემური პოლიართრიტი. ამ დროს მკვეთრადაა გამოხატული დიდი, უპირატესად ყბაყურა ჯირკვლების ზომის მატება. ჯირკვლები გადიდებული და გამკვრივებულია, პაციენტი უჩივის სახის ასიმეტრიას და მკვეთრ დეფორმაციას. შოგრენის დაავადების დროს მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ოფთალმოლოგი, კარდიორევმატოლოგისა და ყბა-სახის ქირურგი. თუ სანერწყვე ჯირკვლების პრობლემა შორსაა წასული, ოპერაციულ ჩარევასაც მიმართავენ – იღებენ სანერწყვე ჯირკვლებს სახის ნერვისა და მისი ტოტების მთლიანობის შენარჩუნებით, რათა არ განვითარდეს სახის კუნთების დამბლა. პაციენტებს უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობაც, რომელსაც კარდიორევმატოლოგი უნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები