LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკათიზია

105
აკათიზია

აკათიზია არის შინაგანი მოუსვენრობის გამო გარკვეულ პოზაში დიდხანს გაჩერების შეუძლებლობა. აკათიზიას იწვევს სხვადასხვა დაავადება. მაგალითად შიზოფრენიით დაავადებული იმ ადამიანების დაახლოებით 24%-ს, რომლებიც მედიკამენტებს იღებენ, ქრონიკული აკათიზია აქვს. აკათიზია მწვავეა, როცა მისი განვითარება იწყება მედიკამენტური მკურნალობის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ და გაგრძელდება ექვს თვეზე ნაკლებ ხანს. ქრონიკულია აკათიზია, როცა მისი ნიშნები და სიმპტომები ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება. მოგვიანებითია აკათიზია, როცა  მისმა ნიშნებმა წამლის მიღების დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ იჩინა თავი. მოხსნის აკათიზია წარმოიშობა მედიკამენტის დოზის შემცირების ან შეწყვეტის შემდეგ. აკათიზიის მქონე ადამიანი დგომისას ხშირად ინაცვლებს ფეხს, ხშირად სცემს ბოლთას ან ადგილზე დადის. 

სამწუხაროდ, დიაგნოზის დასმა ყოველთვის ვერ ხერხდება, რადგან აკათიზიას ბევრი სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობის მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგალითად, ფსიქოზის, მანიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, აჟიტირებული დეპრესიის, შიზოფრენიის. მედიკამენტებით გამოწვეული აკათიზიის შემთხვევაში წამალს ცვლიან ან დოზას ამცირებენ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, აკათიზიის დროს ეფექტურია ბეტა-ბლოკატორები, ბენზოდიაზეპინები, მცირე დოზით – მირტაზაპინი (ანტიდეპრესანტი), ანტიქოლინერგიული საშუალებები, ვიტამინი B6 და სხვა.

აკათიზიის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა მედიკამენტის მიღება დაიწყოს ყველაზე მცირე დოზით და საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს დოზა თანდათანობით. აკათიზია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ცხოვრების ხარისხს აუარესებს. ბევრს უვითარდება ძლიერი შფოთვა, ნერვული და აგრესიის გამოვლინებები, საბოლოოდ კი შესაძლოა საქმე სუიციდის მცდელობამდეც მივიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები