როგორც კუნთები ატროფირდება ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ადამიანის ტვინიც სუსტდება სხვადასხვა გონებრივი აქტივობის გარეშე. თუმცა, რაც მეტად ვავარჯიშებთ ტვინს, მით მეტი ნერვული კავშირი წარმოიქმნება ნეირონებს შორის; რაც უფრო მაღალია თავის ტვინის აქტივობა, მით მეტადაა გააქტიურებული მისი სისხლით მომარაგება და შესაბამისად, ჟანგბადით გაჯერება, რაზეც არის დამოკიდებული ადამიანის ინტელექტუალური ჯანმრთელობა. ახალი ინფორმაციის მიღება ტვინის წვრთნისა და ვარჯიშის სტაბილური საშუალებაა. ზრდასრული ადამიანებისთვის რომელთა ცხოვრებასა თუ სამსახურში ჭარბობს რუტინული პროცესები, ინტელექტის საუკეთესო ფორმაში შესანარჩუნებლად საჭიროა ტვინის დამატებითი სტიმულაცია, ანუ ტვინის განვითარებისათვის სპეციალური სავარჯიშო კომპლექსის გამოყენება.

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ტვინის მოქნილობისათვის მნიშვნელოვანია საკვებ რაციონსა და, საზოგადოდ, ცხოვრების წესს მიექცეს ყურადღება. სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საკვები, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ტვინის მოქნილობისათვის უმნიშვნელოვანესია. ტვინის ეფექტური წვრთნა ეფუძნება მეხსიერებისა და ყურადღების ფუნქციათა განვითარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ვარჯიშებს, ასევე ცალ-ცალკე, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების განვითარებას.

მოცემული ვარჯიშები ეხმარება ინტუიციისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას. აიღეთ დიდი ზომის ფურცელი და ფანქრები ორივე ხელში. დაიწყეთ ერთნაირი ფიგურების ხატვა ერთდროულად მარცხენა და მარჯვენა ხელებით. თავდაპირველად ეს შეიძლება იყოს წრეები, კვადრატები, დროთა განმავლობაში კი დავალება რამდენადმე გაართულეთ და ორივე ხელით სრულფასოვანი სურათები დახატეთ. თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს წვრთნაზე საუბრისას, უპირველესად, იგულისხმება მათემატიკური ამოცანების, რებუსებისა და კროსვორდების ამოხსნა, ასევე ლოგიკური თამაშების შესრულება და ჭადრაკის თამაში. უმჯობესია ტვინის გასავარჯიშებელი კომპლექსური ვარჯიშების გამოყენება.