სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.
„პროგრამის ფარგლებში, 132,729 ფერმერმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 11,390,867 ლარი. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
ფერმერთა საყურადღებოდ! აგრობარათის გასააქტიურებლად, ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმეთ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიეთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.