ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობს, თუმცა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის საკითხი სანქციების ამ ახალ პაკეტშიც ვერ მოხვდება.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელმაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პერტ ფიალა ჩაწერა. ფიალა ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა სანქციების ჩამონათვალში არ უნდა იყოს.
“მე-7 პაკეტი მომზადების პროცესშია და ვფიქრობ, ეს კარგი კურსია”, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, ჩეხეთი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და მისი პრემიერი ამბობს, რომ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.