საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა.
განცხადება გურამ მაჭარაშვილმა ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება.
„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონიუქტურის გამო, მივიჩნიეს საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.