გასულ წელთან შედარებით, წელს თურქეთში დასვენება 40-60%-ით ძვირი ჯდება, იტალიაში დასვენების ფასი კი, 2019 წელს თუ შევადარებით, 70%-მდე არის გაზრდილი – ამის შესახებ BMG-სთან ტურისტული კომპანია Checkin Travel-ის დამფუძნებელმა განაცხადა.
ია გედევანიშვილის განმარტებით, ქვეყნის გარეთ დასვენება, მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაძვირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოდან უცხოეთში დასვენებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.
სიძვირესთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლები მოგზაურებს რჩევებსაც აძლევენ. მაგალითად, ტურისტული კომპანია Pegas Touristik Georgia-ს კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას თქმით, მისი კომპანია საქართველოში დასვენების ნაადრევად დაგეგმვის პრაქტიკის დანერგვას ცდილობს. როგორც ის ასევე BMG-სთან, გადაცემაში „ანალიტიკა“ განმარტავს, ნაადრევად დაჯავშნილი სასტუმრო, თუ ავიაბილეთები მომხმარებელს დასვენების ხარჯს მკვეთრად უმცირებს. „ვინც გათვიცნობიერებულია და იცის რამხელა სარგებელი შეიძლება ნახოს, ადრეული ჯავშნის შემთხვევაში მოგებული რჩება“, – ამბობს სალომე ბერაია. მისივე განმარტებით, მთელ მსოფლიოში ორი წლით ადრე მოგზაურობის დაგეგმვაც კი დამკვიდრებული პრაქტიკაა.