პოლონური ქალაქის, გდანსკის მერიამ პარკში გაზონის გასაკრეჭად 15 ცხვარი დაიქირივა. სპეციალური ტექნიკისგან განსხვავებით, ცხვრები ბალახს მავნე გამონაბოლქვის გარეშე აწესრიგებენ და თან ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც უწყობენ ხელს. ისინი ბალახს ისე მიირთმევენ, რომ ნიადაგის ზედაპირს არ აზიანებენ და შედეგად, ახალი მცენარეებისთვის ადგილს ათავისუფლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ the first news ავრცელებს.
ფარა სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იმუშავებს. ბალახის მკრეჭელების მოძრაობის მიხედვით საზღვრებს ადგილს შეუნაცვლებენ ხოლმე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხვრების მოსასვენებელი ზონებიც მოაწყეს და წყლებიც დადგეს.
აღსანიშნავია, რომ მუშაობის პროცესში ადგილზე იქნება ვეტერინარიც. გარდა ამისა, სპეციალურად დაქირავებული თანამშრომელი ცხვრების მდგომარეობას დააკვირდება და პარკში სათვალთვალო კამერებსაც დაამონტაჟებენ.
ცხოველების დასაქმების ინიციატივა გდანსკში განხორციელებული პირველი მსგავსი პროექტია. წარმატების შემთხვევაში ცხვრები პოლონეთის სხვა ქალაქების პარკებშიც გამოჩნდებიან.