დანიური ჯგუფი Lukas Graham თავისი ქარიზმატული, ემოციური და ორიგინალური ლიდერის, ლუკას გრეამ ფორჩემერის სახელს ატარებს. ლუკასმა ჯგუფი 2011 წელს მეგობრებთნ ერთად დააარსა. მასში შედიან: Mark Falgren, Magnus Larsson და Kasper Daugaard. მათ პირველი სტუდიური ალბომი 2012 გამოუშვეს, რომლის ერთერთი სინგლი სახელწოდებით “Drunk in the Morning” როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოს ბევრი რადიოსადგურის ეთერში ხშირად ტრიალებდა, თუმცა დიდი პოპულარობა არ მოუპოვებია. სამაგიეროდ სიმღერა სახელწოდებით „7 Years“ ჯგუფის მეორე ალბომიდან „Blue Album“ ნამდვილ მეგაჰიტად იქცა და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიომ ჯგუფი სწორედ ამ სინგლით გაიცნო. „ფორტუნა პლუსის“ ჩარტში სიმღერა 4 თვის მანძილზე ტრიალებდა და ამ დროის განმავლობაში 2 კვირით ლიდერობდა კიდეც ათეულს. სიმღერას მალევე ახალი სინგლი „You’re Not There“ მოჰყვა, რომელიც თავისი მელოდიურობის მიუხედავად მსოფლიოს წამყვან ჩარტებში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ძალიან შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა და თითქმის ყოველდღე ითხოვს „Request Show“–ში.
დღეს ჯგუფის კიდევ ერთი, ახალი სიმღერა მინდა წარმოგიდგინოთ. მეტად ორიგინალური, მელოდიური და დადებითი ემოციების აღმძვრელი სინგლი „Mama Said“. როგორც ჯგუფის უმეტესი სიმღერა ეს ნამუშევარიც პოპის, სოულის და სოფტ-როკის სასიამოვნო ნაზავია, თუმცა ჯგუფის წევრებმა ამ მუსიკალურ სინთეზს ორიგინალური სახელი – „Ghetto Pop“ უწოდეს. სიმღერის მოსმენიდან პირველივე წამებზე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს თემა უკვე მოსმენილი მქონდა ოდესღაც და ძალიანაც არ შვმცდარვარ, რადგან თითქმის ანალოგიური რამ 1998 წელს Jay-Z–მ სახელწოდებით „Hard Knock Life“ გააკეთა, რომელშიც ცნობილი ბროდვეული მუზიკლის „Annie“–ს ერთ-ერთი, ბავშვების მიერ ნამღერი მონაკვეთი გამოიყენა. მელოდიურობით და ჟღერადობით Lukas Graham ახალი სიმღერის ეს ერთერთი ძირითადი პასაჟი ძალიან ჰგავს Jay-Z–ს სიმღერას, თუმცა მე „Mama Said“ უფრო მომეწონა! შედარებისთვის გიტოვებთ ლინკს – youtube.com/watch?v=M2DafHjZDtg.
მოისმინეთ, დატკბით, შეადარეთ და არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება.