LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: რუსეთის მოქალაქეები წლებია დადიან საქართველოში და ახლა დავკეტოთ, დღეს? შემოდიოდნენ და შემოვლენ

114
BeFunky-collage (4)

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა და მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ქვეყანას ტოვებს, ერთ-ერთი განსახილველი თემაა, საჭიროა თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესების შეცვლა ან გამკაცრება. საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ,  შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორი და ტყუილია.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მათი შემოსვლა ქვეყანაში გაზრდის კრიმინალურ შემთხვევებს და მოხდება თუ არა საზღვარზე შემომსვლელი ადამიანების გაცხრილვა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:

„კრიმინალის გაზრდის სტატისტიკა შეიძლება, ისედაც გაიზარდოს, ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმისა, რომ გაიზარდო. შეიძლება, არც გაიზარდოს.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე, ბოლო ხუთი დღის შემდეგ იყო 5 500 ადამიანი. გუშინ წინ იყო 11 200 ან 11 400, გუშინ 10 400 ან 10 500 იყო. ორ და ხუთ კაცზე ნუ გამომეკიდებით. ეს არის რიცხვები, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, არ ვიცი. ლარსზეა ყველაზე მეტი მოქალაქე. ძალიან ცოტა მოქალაქე შემოდის როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. შეიძლება, 10 პროცენტიც არ არის, ნაკლები“, – განაცხადა მინისტრმა.

გომელაურის თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტზე გუშინწინ დაახლოებით, 11 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, გუშინ კი  დაახლოებით, 10 000-ზე მეტი.

„ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები, მოდიოდნენ, წლებია დადიოდნენ, წლებია დადიან საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს რაღაც პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო და ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა რუსებს და ეუბნებოდა, შემობრძანდით, ხალხო თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია…

რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ, დღეს?.. შემოდიოდნენ და შემოვლენ.

ახლა უკვე ვიტყოდი, რომ თითქმის პიკზეა მისული, უკვე რთულია, რიგები დგას უკვე ჩვენ მხარეზეც. გამტარობა ჩვენი არ არის 10 და 20-გეითიანი, ახლაც უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ რომ ვინმე არ შემოგვეპაროს, მათ შორის გვეხმარება უსაფრთხოების სამსახური. პიკზე ვართ, ამაზე მეტი აღარ მგონია, რომ გაიზარდოს, ვერ გავატარებთ ფიზიკურად”, – აღნიშნა გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები