„ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ დღევანდელი ანგარიში პერსონალური თავდასხმებისთვის გამოიყენა და არა იმ სახელმწიფოებრივი მიზნისთვის, რაც ახლა ჩვენ გვევალება“ – ამის შესახებ “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ფორტუნას გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრების მისამართით განაცხადა, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით მათ ვერც ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ვერ შეასრულეს.
წილოსანი ლომჯარიას: ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ
„12 პუნქტის აბსოლუტური უმრავლესობა მოიცავს ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, რაზედაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი მუშაობს. ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღე გამოყენებული ყოფილიყო იმისთვის, რომ ნინო ლომჯარიასგან მოგვესმინა კონკრეტული რჩევები, რეკომენდაციები, გამოცდილება, რაც მას აქვს, უმრავლესობა შეეცადა პერსონალურად თავს დასხმოდა სახალხო დამცველს. ეს არის ქვეყნისთვის გაფლანგული დრო, იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივი მიზანი ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს მოუსმინეს. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ამის შემდეგ მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა.