LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ – ასმათ კევლიშვილის რჩევები

108
ასმათ-კევლიშვილი

21 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის „პულსის“ სტუმარმა თერაპევტ-დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა იმ საკვებზე ისაუბრა, რომელიც ზამთრის სეზონზე ეხმარება იმუნიტეტს გაძლიერებაში.

– ქალბატონო ასმათ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი ცივი სეზონის მოლოდინში?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სწორედ გარდამავალი პერიოდია ყველაზე რთული, როცა ამინდის მუდმივი ცვალებადობის ფონზე ერთიორად მატულობს გაცივების და ვირუსული ინფექციების რისკი. სამწუხაროდ, უნივერსალური წამალი, იმუნიტეტს გასაძლიერებლად არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მედიკამენტიც ინდივიდუალური, მხოლოდ მის ორგანიზმზე მორგებული სჭირდება.

იმუნური სისტემა მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება, ამიტომ მომავალმა დედამ ჯერ საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს, მერე შვილის იმუნური სისტემის ნორმალურად ფორმირებაზე. მართალია, იმუნიტეტი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც, მაგრამ მის გაძლიერებაზე ზრუნვა ადამიანის დაბადების პირველივე დღეს იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ძლიერ იმუნიტეტს სწორი კვება, ზრდა და განვითარება განსაზღვრავს, თუმცა მშობლები ხშირად უგულებელყოფენ ამ პრინციპებს, მერე კი, განიცდიან, რომ ბავშვები ხშირად ხდებიან ავად. რა თქმა უნდა, იმუნიტეტის შეძენაც შეიძლება, მაგრამ ასეთი „შენაძენი“ ყოველთვის გადატანილი მძიმე დაავადების შედეგია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმუნიტეტი არა ერთი ორგანო, არამედ ერთიანი სისტემაა, რომელიც ყველა ორგანოს აერთიანებს. სწორედ ამ ორგანოების გამართული მუშაობა განსაზღვრავს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და დამცავი ბარიერის შექმნას, რომელიც იმ გენეტიკურად უცხო აგენტების ორგანიზმში შემოჭრისგან იცავს როგორიცაა ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები. შესაბამისად არ არსებობს წამალი, რომელიც ერთდროულად გააჯანსაღებს და ერთნაირი სიმძლავრით აამუშავებს ყველა ორგანოს.

– არსებული რეალობის ფონზე, როცა ზრდასრულთა უმეტესობა არასწორად იკვებება და აბსოლუტურად დარღვეული აქვს რეჟიმი, რამდენად შესაძლებელია იმუნიტეტის გაძლიერება?

– სეზონის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია თერმორეგულაციის შენარჩუნება, რადგან სწორედ გადაცივებულ ორგანიზმში აქტიურდებიან ვირუსები. მართალია, ძალიან არ გვინდა ზაფხულთან დამშვიდობება, მაგრამ დროა ჩავიცვათ თბილი ტანსაცმელი, მოვერიდოთ ცივ, გამაგრილებელ სასმელს და მეტწილად ცხელი ჩაი და ყავა მივირთვათ. ძალიან სასარგებლოა კვების რაციონის სეზონური ხილით და ბოსტნეულით გამდიდრება, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვების რეჟიმის შემუშავება, რომელიც არა დიეტად, არამედ ცხოვრების წესად იქცევა.

სასარგებლო რჩევები იმუნიტეტის გასაძლიერებლად 

* იმუნიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჯანჯაფილი (კოჭა). მართალია, ბევრს ის დიეტური პროდუქტი ჰგონია, რომელიც ცხიმებს წვავს, მაგრამ ეს მხოლოდ მითია. სინამდვილეში, ჯანჯაფილი სითხეს აკავებს ორგანიზმში და იცავს მას გაუწყლოებისგან. სხვათა შორის, სწორედ წყალია დამცავი ბარიერი, გაუწყლოებულ ორგანიზმს კი, ყოველთვის აქტიურად უტევენ  ვირუსები. ამასთანავე, ჯანჯაფილი, რომელიც დიდი ოდენობით ფიტონციდებს შეიცავს, ორგანიზმის გათბობის უნიკალური საშუალებაა. არ ღირს დაფქული ჯანჯაფილის მოხმარება, უმჯობესია მცირე ნატეხი ჩავხეხოთ ცხელ წყალში, გაგრილების შემდეგ კი, მივირთვათ, ის კი, ვინც მაღალი არტერიული წნევით იტანჯება, მსგავსი კოქტეილი აუცილებლად პიტნით, ილით (კარდამონით), თაფლით და ლიმონით უნდა მიიღოს. თუმცა ლიმონის მირთმევის დროსაც ზომიერების დაცვაა საჭირო, რადგან სწორედ ლიმონი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას.

* არაჩვეულებრივად აძლიერებს იმუნიტეტს შავი პილპილი, რომელიც ორგანიზმის გამაცხელებელი ეფექტით ხასიათდება. პილპილის გამოყენება ერთნაირად შეიძლება როგორც ცხელ, ისე ცივ კერძებში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, რადგან პილპილი კატეგორიულად ეკრძალებათ არტერიული ჰიპერტენზიის და კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტებს.

* ძალიან სასარგებლოა პირშუშხა და მდოგვი, თუმცა არა შებოლილ პროდუქტთან ერთად, რომელიც აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს ორგანიზმს.

* ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ყავის მირთმევა დილით. თუმცა არ ღირს მისი დაფქვა, უმჯობესია ერთი მარცვალი უბრალოდ ჩავჭყლიტოთ ჩვენს ყავაში.

* ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროდუქტების მიღება ბავშვებს მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ შეუძლიათ და ისიც მცირე ულუფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები