LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის – რას გულისხმობს ინიციატივა

74
პარლამენტი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით მმართველი გუნდი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით აინიცირებს:

„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად, დღეს მმართველი გუნდი ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ვაინიცირებთ.

მოგეხსენებათ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული ცვლილებების პაკეტი. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენისა და ანალიზის შედეგად, წარმოდგენილია შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები:

◼ შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.

◼ ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.

ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, შემოთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g