პარტნიორის ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში რჩება.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რითაც ის ითხოვდა, ნაკაიძის მიმართ შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს, საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავდნენ. საქმის არსებითი განხილვა კი მომდევნო სხდომიდან დაიწყება.
ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, ლაშა ნაკაიძე წარდგენილ არცერთ ბრალს არ აღიარებს.
პროკურორის თქმით კი, საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ტელეწამყვანმა წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა:
„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია, რომელმაც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.
საქმეზე არსებობს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ყველა საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დაზარალებულს დაზიანებები აქვს. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით აღნიშნული დაზიანების ხარისხს და გიდასტურებთ, რომ დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც გაუპატიურებას ეხება, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა და ამ ნაწილშიც დევნა შეწყვეტილი არ არის“, – თქვა პროკურორმა გიორგი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს
ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მოსამართლემ სხდომა დახურა