LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი ღიმილით – ყველაზე დიდი მინიატურების პარკი მსოფლიოში: მადუროდამის მინიჰოლანდია

124

მადუროდამი – მსოფლიოში ყველაზე დიდი მინიატურული ქალაქია, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ჰააგას ცენტრალურ ნაწილსა და საზღვაო კურორტ სხევენინგენს შორის მდებარეობს.

მინიატურების პარკი ჰოლანდიური ქალაქების ზუსტი მოდელია, ყველაფერი 25-ჯერ არის შემცირებული.

მადუროდამი იყო დისნეილენდის შემქმნელთა იდეის წყარო.

მადუროდამს საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიმართულება აქვს. ოფიციალური საიტის ლოზუნგია: „გაიცანი ჰოლანდია ერთ საათში“.

პარკი ისეა დაპროექტებული, რომ მნახველები არა მარტო არქიტექტურას, არამედ ისტორიას, კულტურას, ცხოვრების წესსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნონ. პარკში წარმოდგენილია ტიპიური ჰოლანდიური საგნები – ტრადიციული სახლები, ყველის ბაზარი, თანამედროვე სავაჭრო ცენტრები, ავტობანები…

პარკში დაახლოებით 55 ათასი ყვავილის კლუმბი და 5500 მინიატურული ხეა.

ინტერაქტიული მოდელები რეალური ობიექტების მუშაობის პრინციპს აჩვენებს: შეგიძლიათ ასწიოთ რაბი, გახსნათ ხიდები, გადაადგილოთ გემები, გაეცნოთ წისქვილების მუშაობის პრინციპს, დატვირთოთ კონტეინერები, აფრინდეთ თვითმფრინავით და ა.შ.

მადუროდამში დაახლოებით 50 ათასი მინიატურული ფარანია.

მინიატურები დეტალიზირებულია. მაგალითად, სახელმწიფო მუზეუმის ფანჯარაში ჩანს რემბრანდტის ცნობილი ტილო „ღამის გუშაგები“, გზებსა და არხებში ტრანსპორტი გადაადგილდება, ხოლო ღვთისმშობლის ტაძარში მონეტა რომ ჩააგდოთ, ზარები რეკავს და მინიატურული ადამიანები წირვაზე მიდიან.

დათვალეს, რომ მინი-მანქანები ყოველწლიურად დაახლოებით 14 ათასს მილს გადიან.

ზოგიერთ ექსპონატზე მუშაობა 4 წელი მიმდინარეობდა. მაკეტები ძირითადად პლასტმასისგან მზადდება. გამწვანებისთვის ნამდვილ მცენარეებს იყენებენ, რომელთაც 60 სანტიმეტრის სიმაღლემდე ჭრიან.

ყველაზე დიდი მინიატურის ზომა დაახლოებით 1.5 მეტრია.

ჰააგას მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა 1952 წელს გააშენეს ომის მსხვერპლთა პატივსაცემად და მას 1945 წელს დაჰაუში დაღუპული იურიდიული ფაკულტეტის სტიდენტის ჯორჯ მადუროს სახელი ეწოდა. მისმა მშობლებმა მშენებლობისთვის თანხა გაიღეს იმ პირობით, რომ შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, კერძოდ სტუდენტური სანატორიუმის განვითარებისთვის. დღემდე მადუროდამის განვითარების ფონდი, რომლის მფარველი დედოფალი ბეატრისია, მჭიდროდ თანამშრომლობს ახალგაზრდობასთან. ახალი ექსპონატების გახსნაზე კი პასუხისმგებელია მადუროდამის მერი, რომელსაც ახალგაზრდობის საბჭო ირჩევს, რომელიც ჰააგას სკოლების 22 მოსწავლისგან შედგება.

მადუროდამის პირველ მერად აირჩიეს მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პრინცესა ბეატრისი.

პარკის დევიზი გახდა „ქალაქი ღიმილით“.

კომპლექსში არის კაფე და რესტორანი, სუვენირების მაღაზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g