LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღეს ყველა კოვიდს და სხვა ვირუსულ დაავადებებს უფრთხის, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა ე.წ. თამბაქოს ეპიდემია, რომელიც უზარმაზარ ზიანს აყენებს პლანეტის მოსახლეობას” -„პულსი“

9
გიორგი-მაღრაძე-&-ეკატერინე-ლომიძე

2 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები გიორგი მაღრაძე და ეკატერინე ლომიძე სტუმრობდნენ, რომელთაც თამბაქოს მავნებლობასა და მისი კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრეს.

– ეკა, სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რამდენად მაღალია თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში?

– მართალია, დღეს ყველა კოვიდს და სხვა ვირუსულ დაავადებებს უფრთხის, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა ე.წ. თამბაქოს ეპიდემია, რომელიც უზარმაზარ ზიანს აყენებს პლანეტის მოსახლეობას, რადგან ყოველ წელს 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 8 მილიონიდან მხოლოდ 7 მილიონია აქტიური მწეველი, დანარჩენი კი, პასიურად მოიხმარს თამბაქოს. საქართველოში ყოველ წელს 11 400 მწეველი იღუპება სხვადასხვა დაავადებით, მით უფრო, რომ სწორედ თამბაქოა იმ ოთხი არაგადამდები, ე.წ. „მკვლელი დაავადების“ გამომწვევი, როგორიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ქრონიკული რესპირაციული დაავადებები. ამგვარ სიტუაციაში ნამდვილ თავხედობად მიმაჩნია თამბაქოს მწარმოებლებისგან ახალ ტექნოლოგიებზე ზრუნვა, რათა კიდევ უფრო გაზარდონ ბაზარი და თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი.

– რა მეთოდები არსებობს თამბაქოს ინდუსტრიასთან ეფექტური ბრძოლისთვის?

– ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგი უნდა გამოიღოს თამბაქოს კონტროლის კანონმა, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს და თამბაქოს კონტროლის სერიოზულ კომპლექსურ რეფორმას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ერთ დღეში დაანებებს ყველა მოწევას თავს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს კანონი შეუწყობს ხელს მწეველთა მინიმუმამდე შემცირებას.

– გიორგი, რამდენად მაღალია მწეველ მოზარდთა რიცხვი?

– სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა მწეველთა ასაკი. ბავშვები საკმაოდ ადრე უსინჯავენ გემოს, როგორც სტანდარტულ, ისე ელექტრონულ, ე.წ. გასახურებელ სიგარეტს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 11-12 წლის ბავშვების დიდ ნაწილს უკვე გასინჯული აქვს რომელიმე ტიპის სიგარეტი. ვფიქრობ, მოზარდების თამბაქოთი დაინტერესება, პირველ რიგში იმ აგრესიული მარკეტინგის დამსახურებაა, რომელსაც მეტად ოსტატურად ახორციელებს თამბაქოს ინდუსტრია. მართალია, ბრწყინვალე რეკლამა უკეთდება ახალი ტიპის სიგარეტს, რომელიც თითქოს სრულიად განსხვავებული და უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში, ისიც ისეთივე მავნებელია, როგორც ჩვეულებრივი თამბაქო. ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ თამბაქოს კონტროლის აღსრულების მონიტორინგს, ამიტომ კარგად ვიცით, რამდენად სავალალო მდგომარეობაა საგანმანათლებლო სექტორში. სკოლებში ძალიან გახშირდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. მეტიც, ბავშვები პირდაპირ კლასში, გაკვეთილზე აბოლებენ ელექტრონულ სიგარეტს, მართალია, პედაგოგი შენიშვნას აძლევს, მაგრამ რეკლამის გაკეთებას მაინც ასწრებენ, მერე კი, შესვენებაზე სთავაზობენ სხვებს მის გასინჯვას.

– როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში პედაგოგები და მშობლები?

– პედაგოგებს არ აქვთ ელექტრონული სიგარეტის ჩამორთმევის უფლება, მშობლები კი, თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ ნამდვილი სიგარეტის მოწევას, ისევ ასეთი ურჩევნიათ, რადგან ბევრად უსაფრთხოდ მიაჩნიათ, არადა სინამდვილეში, თავისი ქიმიური დანამატებით ელექტრონული სიგარეტიც ისეთივე მავნებელია, როგორც სხვა დანარჩენი. მეტიც, ჯერ ბოლომდე შესწავლილიც არაა  რა დაავადებებს იწვევენ არომატიზატორები და სხვა დანამატები, თუმცა რამდენიმე ევროპულმა კვლევამ უკვე დაადასტურა, რომ ფილტვის მწვავე უკმარისობას და სწრაფ გარდაცვალებას სწორედ გარკვეული ფირმის ელექტრონული სიგარეტი იწვევს.

– ეკა, თქვენი აზრით, როგორც ახერხებენ თამბაქოს მწარმოებლები ასე მასშტაბურად ადამიანებით მანიპულირებას?

– სამწუხაროდ, მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ, რაც გარკვეულ სფეროებზე გავლენის გაძლიერების საშუალებას აძლევს. ცნობილი ფაქტია, რომ 1994 წელს თამბაქოს შვიდი ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა ურცხვად განაცხადა კონგრესმენებთან შეხვედრაზე, თითქოს თამბაქო არც დამოკიდებულებას იწვევს, არც ზიანს აყენებდა ადამიანის ჯანმრთელობას. მართალია, დღეს ყველა აღიარებს თამბაქოს მავნებლობას, მაგრამ წარმოების შესუსტების ნაცვლად, სულ უფრო მეტი ახალი და სახეცვლილი პროდუქტი გვხვდება, რომელსაც სამწუხაროდ ექიმებიც ხშირად უწევენ რეკლამას.

– რამდენად ეფექტურად მუშაობს თამბაქოს კონტროლის კანონი?

– ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, კანონი, რომელიც ძველისგან განსხვავებით რეფორმის ყველა მნიშვნელოვან დეტალსა და ნიუანსს აერთიანებს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ვფიქრობ, ახლა მთავარი საზოგადოების მობილიზაცია და გაცნობიერებაა, რომ კანონი სწორედ მის საკეთილდღეოდ მოქმედებს. თუმცა, სახელმწიფომაც უნდა შეგვიწყოს ხელი ეფექტურად მუშაობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები