იაპონიის ერთ-ერთი პრეფექტურის პოლიციაში 9 დღის განმავლობაში 2000-ზე მეტი ზარი შევიდა. Sora News-ის ინფორმაციით, რეკავდა კაცი რომელიც სამართალდამცავების გალანძღვას ცდილობდა.
67 წლის მამაკაცი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ისინი ყველანი უნდა გაეყარათ სამსახურიდან, რადგან „დიდი სულელი საჯდომები იყვნენ“ და გადასახადებს იპარავდნენ. 9 დღის განმავლობაში მან 2060-ჯერ დარეკა და უყვიროდა ყველას, ვინც კი ყურმილს აიღებდა. საშუალოდ მამაკაცი ყოველ 6 წუთში ერთხელ რეკავდა და ტელეფონით საუბარში 27 საათი გაატარა.
ბოლოს და ბოლოს, სამართალდამცავები დაიღალნენ და გაბრაზებული მოქალაქე დააკავეს. „ვიცოდი, რომ ერთ დღეს ჩემთანაც მოვიდოდნენ“ – მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა იაპონელმა დაპატიმრებისას. გამოძიების პროცესში პოლიციამ დაადგინა, რომ კაცი ამ საქმიანობით დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული, ბოლო თვეებში კი უბრალოდ რეკვას მოუხშირა.
ბოროტმოქმედი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, ამიტომ მისი აგრესიის მიზეზების დადგენა შეუძლებელია. შესაძლოა ეს უბრალოდ მისი ჰობიც კი ყოფილიყო.