LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი წელი ორპიკიანი იყო, რადგან ზაფხულის შემდეგ ზამთარში გვიწევს ეპიდემიის მორიგ ტალღასთან გამკლავება – ივანე ჩხაიძე გადაცემაში ,,პულსი”

8
ივანე-ჩხაიძე

16 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“  სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც სეზონური ვირუსების ფონზე ბავშვთა ჯანმრთელობაზე, მკურნალობისა და თავდაცვის ეფექტურ მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო ვანო, როგორია ეპიდემიური მდგომარეობა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კორონამ თავდაყირა დააყენა ვირუსების სეზონურობა, რადგან პანდემიამდე რესპირაციული ვირუსის გავრცელების აქტიურ პერიოდად ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით ითვლებოდა, წელს კი, პიკი აპრილისა და მაისის თვეებს დაემთხვა. მეტიც, ჩვენს კლინიკაში ივლისის თვეშიც კი დაფიქსირდა გრიპის შემთხვევა, რაც მეტად უჩვეულო მოვლენად შეფასდა, რადგან მანამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი ორპიკიანი იყო, რადგან ზაფხულის შემდეგ ზამთარში გვიწევს ეპიდემიის მორიგ ტალღასთან გამკლავება. მართალია, სასუნთქი სისტემის დამაზიანებელი 200-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი არსებობს, მაგრამ სწორედ გრიპია გამორჩეული, ამიტომ საწყის ეტაპზე კორონავირუსსაც გრიპს ვადარებდით, რადგან პრაქტიკულად იდენტური სიმპტომებით, ინკუბაციის პერიოდით და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლით ხასიათდებოდა. რა თქმა უნდა, კორონავირუსი არსად გამქრალა, მაგრამ დღეს ბევრად აქტუალურია გრიპის ვირუსი, ამიტომ სწორედ მისგან თავის დაცვასა და შემსუბუქებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

– თქვენი პირადი გამოცდილებით, რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია?

– იმედი გვაქვს, რომ წელს გრიპის ვაქცინა განსაკუთრებით ეფექტური იქნება. ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს კი, ვაქცინის შემადგენლობა გვაძლევს, რომელიც ზუსტად ერგება გავრცელებული ვირუსის ტიპს. მართალია, ვაქცინაცია პრევენციის საუკეთესო მეთოდია, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი მიმართავს თავდაცვის ამგვარ ფორმას. აქვე აღვნიშნავ, რომ მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად უმჯობესია აცრის ოქტომბერ-ნოემბერში გაკეთება, რადგან ორგანიზმს საშუალოდ ორი კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, თუმცა არც ახლაა დაგვიანებული მისი გაკეთება, რადგან ვირუსის მორიგ ეპიდემიას თებერვალსა და მარტშიც ველით.

– როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი გრიპის გავრცელების მძიმე პერიოდისთვის?

– აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კორონას დროს მიღებული რეკომენდაციები, დავიცვათ პირადი ჰიგიენის ნორმები და ვატაროთ პირბადე. მართალია, პანდემიის საწყის ეტაპზე ვამბობდით, რომ ნიღბის ტარება ბავშვს 6 წლიდან შეეძლო, მაგრამ ვირუსის გავრცელების პერიოდში ასაკი 2 წლამდე დავწიეთ, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვს 6 თვიდანაც შეუძლია მისი ტარება. სამწუხაროდ, ბევრი ჯიუტად უგულებელყოფს ჰიგიენის ნორმებს, არადა სწორედ ხელით ვეხებით ყველაზე მეტ ბაქტერიას.

– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა?

– მშობლები ნაკლებად ზრუნავენ  ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რაც სრულფასოვან კვებას, აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას და სუფთა გარემოს შენარჩუნებას ანუ თამბაქოს გამონაბოლქვისგან ბავშვის მაქსიმალურად მორიდებას ნიშნავს, რადგან ბავშვის ხშირი და გაგრძელებული ავადობა, სწორედ უფროსების თამბაქოს გამონაბოლქვის შედეგია, მით უფრო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მოწევს მშობელი – ოთახში თუ აივანზე, რადგან კანცეროგენები მაინც რჩება მის თმასა და სამოსზე.

– რამდენად გამართლებულია მშობლის მხრიდან ვირუსის დამოუკიდებლად მართვა?

– ხველას და მაღალ ტემპერატურას ყოველთვის არ სჭირდება მკურნალობა, რადგან სწორედ ასე ებრძვის ორგანიზმი ვირუსს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაბალი ტემპერატურის დროს ბავშვისთვის სიცხის დამწევის მიცემა, რადგან ორგანიზმს საშუალება უნდა მივცეთ გაუწიოს წინააღმდეგობა და თვითონ უპასუხოს ვირუსს. ჯანმოს განმარტებით მაღალ ცხელებად – 38.5 და მეტი ითვლება, როცა მშობელმა მედიკამენტურ მკურნალობას უნდა მიმართოს, თუმცა წამლებზე ბევრად მნიშვნელოვანია მოავადე ბავშვისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და რაც შეიძლება მეტი სითხის (მინერალური წყლის, წვენების და კომპოტების) მიცემა.

– რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და რა სიმპტომების შემთხვევაშია აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია?

– პირველ რიგში, ბავშვის ასაკია გასათვალისწინებელია, რადგან რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მაღალია გართულებების საფრთხე. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 2 წლამდე ბავშვები, ამიტომ მაღალი ცხელების ან გახშირებული სუნთქვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. გასათვალისწინებელია ბავშვის ძილიანობაც, რადგან მომატებული ძილიანობის დროს აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და მნიშვნელობა არ აქვს აღენიშნება თუ არა ბავშვს მაღალი ტემპერატურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები