LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა

155
BeFunky-collage (3)

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ სიტყვით მიმართა.

„მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იყოს წარმატებული და იმ ყველაფრის მომტანი, რაც ჩვენ, ყველას ამ ქვეყნისთვის გვინდა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მომავლისთვის თქვენც გინდათ, რომ ეს ქვეყანა ევროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ თქვენც მონახოთ ამ ქვეყანაში მომავალი და არ ეძებოთ ეს მომავალი სადმე სხვაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობთ, რადგან ეს თქვენი დროშაა. ეს სასახლეც, ასევე, სახელმწიფოსა და თითოეული თქვენგანისაა, ამით არის ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახელმწიფოს შორის. ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მოწვეულ სტუმრებს დროშის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, დავით თევზაძემ.

„ბმა დროშასა და სამშობლოს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის განმავლობაში, დროშა ვიდრე იდგა, ქართველები იბრძოდნენ, ასეთი ბმაც არსებობს“, – აღნიშნა თევზაძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის მნიშვნელობის შესახებ ასევე ისაუბრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ.

„სახელმწიფო დროშა თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით, აღწერილობით სრულად ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მატარებელი დროშაა. დღეს ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს განაცხადი, რომ საქართველოს სახელმწიფოს სურს, დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. ის ფაქტიც, რომ ჩვენი სახელმწიფო დროშის გვერდით მუდმივად აღიმართება ევროპის დროშა, ამ განაცხადის ერთ-ერთი დასტურია.

ამ დროშას ჰყავს გმირი, ჩვენი დღევანდელობის გმირი, გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავისი დროშისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე უარი განაცხადა და ამისთვის სიცოცხლე დათმო. ეს არის ძალიან ძლიერი მაგალითი იმისა, რას ნიშნავს დროშა. დროშისადმი პატივისცემა გახლავთ ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მისდამი თავდადება“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები, პრეზიდენტის მრჩევლები და მოწვეული სტუდენტები.

magti 5g