მეფური კოპენჰაგენი, ნორდიული სამზარეულო, უძველესი კოშკები, ვიკინგების შთამომავლები, ზღვა და ფიუნის კუნძული – ყველაფერი ეს დანიაა
სუპერყავისა და უგემრიელესი ფუნთუშების გარდა, დანიის მთავარი კულინარიული ღირსშესანიშნაობა მაინც ნაციონალური სმიორებროდია – პურის პატარა ნაჭერი ასობით განსხვავებული შიგთავსით -ხახვით შეკმაზული პაშტეტით დაწყებული, ქაშაყით დასრულებული. მის ქუჩის ალტერნატივად ტრადიციული სოსისი ითვლება, რომელიც დიდი ხანია ტურისტების საყვარელი ”ფასტ-ფუდად” იქცა.
გასტრონომიით გატაცებამდე, შეგიძლიათ ჯერ ნავით გაისეირნოთ ქალაქის არხებში, დათვარიელოთ გამოფენა ნაციონალურ გალერეაში, გადაიღოთ სელფი ქალთევზას ცნობილი ქანდაკების ფონზე და რამდენიმე კვარტალი მხედრული ნაბიჯით გაიაროთ მისი უდიდებულესობის გვარდიელებთან ერთად. თუ დედოფალი საკუთარ რეზიდენციაშია, ყარაული განსაკუთრებული პომპეზურობით იცვლება – სამეფო სასახლიდან მარშით გადის ცენტრალურ ქუჩაზე, მხიარული ტურისტები კი, ხმაურით მიაცილებენ მათ.
კოპენჰაგენში მოგზაურობისას უკეთესია მთელი შიკით დაისვენოთ და ნომერი სასტუმრო D’Angleterre-ში იქირაოთ, რომლის სტუმრები თავის დროზე უინსტონ ჩერჩილი და მაიკლ ჯექსონი იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს ნომერზე, ხედით ახალ სამეფო მოედანზე ფინანსები არ გყოფნით, ამავე სასტუმროში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანის Marchal-ის მენიუს გაეცანით, რომელიც გურმანების შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კომფორტულად დაბინავების შედარებით დემოკრატიული ფასებია სასტუმროებში Phoenix Hotel დაWakeup Copenhagen.
დანიური გასტრონომიის სრულფასოვნად ათვისებაში ტივოლის პარკში მოწყობილი რესტორანები Fru Nimb და Grill Royal დაგეხმარებათ თავისი საფირმო სტეიკით ან საკულტოდ ქცეული Noma-თი.
ქალაქში სეირნობის შემდეგ, დროა მის გარეუბნებსაც გაეცნოთ. კოპენჰაგენიდან რამდენიმე კილომეტრში პატარა ქალაქი ელსინიორი და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა – კრონბორგის კოშკია, სადაც ლეგენდის თანახმად შექსპირის ჰამლეტი ცხოვრობდა. კოშკთან ახლოს ტექნიკური საოცრებებით და ინტერაქტიული ექსპონატებით მდიდარი ახალი დანიური საზღვაო მუზეუმია, რომელიც არანაკლებ იზიდავს ტურისტებს. ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად რესტორანში Marienlyst-ში შეიარეთ ლანჩზე, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი შესანიშნავი ზღვის ხედებით და უნაკლო მენიუთი.
მიუხედავად უამრავი საინტერესო სანახაობისა, ტურისტების საყვარელ ადგილად მაინც ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯადოსნური ისტორიების სამყარო ითვლება კუნძულ ფიუნის უძველეს ქალაქ ოდენესში. მეზღაპრის მშობლიურ კუნძულამდე მიღწევა მატარებლით შეიძლება. სახლი-მუზეუმი კი, სადაც ანდერსენი დაიბადა და გაიზარდა ქალაქის ცენტრშია.
ოდენესში ”ანდერსენის ნაფეხურებითაა” მონიშნული სასეირნო მარშრუტები. ქალაქის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ სწორედ იმ ადგილებში სეირნობდა და წერდა თავის ზღაპრებს ანდერსენი. ზღაპარში მოგზაურობის დამაგვირგვინებელ აკორდად ექსკურსია მოაწყვეთ ეგესკების კოშკში, რომლის მფლობელი – გრაფი ალეფელდტ ლაურვინგ ბილე, თავისი ანტიკვარული ავტომობილების მდიდარი კოლექციის ასათვარიელებლად ტურისტებს გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეპატიჟება.