საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიზნესის ზოგიერთ დარგში დასაქმებული ადამიანები კვირაში კვლავ 48 საათი მუშაობენ და მათ ამის შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ. როგორც ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, ეს ქმედება დამსაქმებლების მხრიდან სიძუნწესთან არის დაკავშირებული.
„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ბიზნეს სექტორის მხრიდან გარკვეულწილად აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილია სპეციალურ სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით. თითქოს მათთვის ეს გახლავთ გარკვეულწილად მოულოდნელობა, საახალწლო სიურპრიზი, საახალწლო საჩუქარი, რომ ეს დააქცევს ბიზნესს, კადრების დეფიციტი და კადრების მოზიდვის პრობლემა აქვთ და ასე შემდეგ. რეალურად სხვადასხვა დარგში დასაქმებული ადამიანები კვირაში 40 საათს უნდა მუშაობდნენ და მათ დამსაქმებლები ამუშავებდნენ 48 საათი, სწორედ იმიტომ, რომ ჯიბიდან ზედმეტი თანხა არ ამოეღოთ, ხოლო ზეგანაკვეთური შრომა არ დაეფასებინათ. იმ დროს, როცა მსოფლიოში უამრავ ქვეყანაში განიხილება 35-საათიანი და 4-დღიანი სამუშაო კვირა, ჩვენ ქვეყანაში დავა გვაქვს და ბიზნესი თავში ხელს ირტყამს იმასთან დაკავშირებით, რომ 48-საათიანი უნდა ყოფილიყო სამუშაო კვირა და მთავრობამ რატომ შეზღუდა. დამსაქმებლების მიერ ეს ქმედება სიძუნწესთან დაკავშირებული ალიაქოთია, რომელსაც რეალობასთან, ბიზნესთან და ეკონომიკის გაუბედურებასთან ან გაპარტახებასთან საერთო არაფერი აქვს, ისე როგორც საერთო არაფერი აქვს, თითქოს შრომის ინსპექცია დააქცევდა ეკონომიკას და ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.
როგორც პეტრიაშვილი ამბობს, ანომალიაა, რომ დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად ღარიბდება. მისი თქმით, კადრების დეფიციტის მიზეზი ბიზნესის მხრიდან ადამიანებისთვის შეუსაბამო ანაზღაურების შეთავაზებაა, რაც მათ ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.
როგორ უნდა ეშველოს დასაქმებას, თუ ერთი ადამიანი მინიმალური შემოსავლით მუშაობს 60,70, 80 საათი და ასე შემდეგ. როგორ უნდა ეშველოს იმას, რომ 652 000 ათასი ადამიანი საქართველოში არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ამ 652 000-ში არიან დასაქმებული ადამიანებიც, ანუ ეს არის ფაქტობრივად ანომალია, რომ ადამიანი დასაქმებული იყოს და ის ყოველწლიურად ღარიბდებოდეს, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი შემოსავალი და ხელფასი ანაზღაურება ამ ადამიანებს არ აქვთ. ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, ის რასაც ბიზნესი აცხადებს, რომ მათ უჭირთ კადრების პოვნა, რა თქმა უნდა, კადრების პოვნა გაუჭირდებათ იმიტომ, რომ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ. ბუნებრივია, ეს ადამიანები ეძებენ გამოსავალს და ქვეყანას ტოვებენ.
როგორ შეიძლება, რომ ქვეყანაში 4%-ს შემოსავალი ჰქონდეს იგივე რაც 70%-ს? 108 ადამიანს ქვეყანაში აქვს იგივე ხელფასი და შემოსავალი, რაც 130 000 ადამიანს. ბიზნესს არ ესმის, რომ საათობრივი ანაზღაურება, რომ იყოს და 10 დოლარს შეადგენდეს, 40 საათის ზემოთ ჩაირთვება მრიცხველი და ის ზეგანაკვეთურად ნაანგარიშები იქნება იმიტომ, რომ საქართველო ვერ იქნება კუნძული, რადგან ის არ არის ჩრდილოეთ კორეა ან კუბა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.