LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაჭვლიანის ინიციატივა საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა და შშმ პირთა უფლებებს

17

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წევრმა იოსებ ჯაჭვლიანმა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად წარადგინა საკანონდებლო ინიციატივა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ 30 ნოემბერს პარლამენტის ბიურომ ჯაჭვლიანის ინიციატივის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს დაავალა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება ეხება სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს. კერძოდ, კანონის დღევანდელი რედაქციით, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ ის „აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.“ ამის ნაცვლად, კანონპროექტის ავტორები გვთავაზობენ რედაქციას, რომლის თანახმად, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება, თუ ის „აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან ქმნის საცობს.“

“შემოთავაზებულ ვარიანტში მთავარი ცვლილებაა სიტყვა „მოძრაობის“ ჩანაცვლება სიტყვათშეთანხმება „საავტომობილო მოძრაობით“, რაც გულისხმობს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტის მიზანი და ძირითადი არსი ხსენებული მუხლის მოქმედების სფეროდან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხების შემთხვევების გამორიცხვაა.

წარმოდგენილი კანონპროექტი საფრთხის შემცველია და (დამტკიცების შემთხვევაში) მნიშვნელოვნად გააუარესებს მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და  აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისათვის. შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისათვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა – დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ამოწერით შეიძლება შემოიფარგლონ, რაც, ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.

საქართველოს დედაქალაქში დღესაც ხშირია ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევები, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად გაუვალს ხდის ტროტუარს ქვეითებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დადიან ქუჩაში, რადგანაც მათთვის განსაკუთრებით რთულია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილისთვის გვერდის ავლა.

დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება (რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ) გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას და ამდენად მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში.

თანამედროვე ქალაქგანვითარების საუკეთესო პრაქტიკა (რომელიც სულ უფრო ფართოდ მკვიდრდება როგორც ევროპაში, ისე განვითარებული სამყაროს სხვა ქვეყნებში) გულისხმობს ურბანული გარემოს მორგებას პირველ რიგში ფეხით მოსიარულეების ინტერესებზე (როგორც წესი, ავტომობილებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების ხარჯზე). ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ აუარესებს მდგომარეობას საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქების მოწყობის თანამედროვე პრინციპებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას”, – ნათქვამია “გამჭვირვალობის” განცხადებაში.

 

წყარო: www.ipress.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები