ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე აცხადებს, რომ გაჯეტების გამოყენება 2 წლამდე საერთოდ უნდა აიკრძალოს.
აღნიშნულ თემაზე გაგოშიძემ „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემიის ცნობით, ბავშვების 30%-ს ენისა და მეტყველების განვითარებაში შეფერხება აქვს.
„როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, მაუგლის მაგალითი ხშირად მომყავს. მაუგლი კარგი ბიჭი იყო, კარგი ტვინით, ჯანმრთელი, კარგად განვითარებული ნერვული სისტემით, მაგრამ ცხოველების გარემოში მოხვდა. ჩვენი ფსიქიკა და ნერვული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გარემოებებს ვეგუებით. მას ადამიანის ენა რომ არ ესმოდა, მერე ვეღარც ისწავლა. მე-19 საუკუნეში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო აღწერილი, როცა ბავშვები იკარგებოდნენ და ტყეში, ცხოველებთან ხვდებოდნენ. მერე უკვე როდესაც საზოგადოებაში ბრუნდებოდნენ, კომუნიკაციას ვეღარ სწავლობდნენ, იმიტომ, რომ კრიტიკულმა დრომ გაიარა, ცოცხალი ენა მათ ტვინში არ მოხვდა. 2 წლის ასაკის ბავშვი 2-სიტყვიან წინადადებას უნდა ამბობდეს. დღეს ამერიკის პედიატრთა აკადემია გვეუბნება, რომ ბავშვების 30%-ს ენისა და მეტყველების განვითარებაში შეფერხება აქვს. შეუძლებელია, რომ ამდენი პრობლემიანი ბავშვი დაიბადოს და ეს გაჯეტების ბრალი არ იყოს. ამიტომ, მისი გამოყენება 2 წლამდე საერთოდ უნდა აიკრძალოს. ბავშვს სენსომოტორული ფუნდამენტი, ანუ შეგრძნებები, მოძრაობის უნარი აქვს. შედეგ ამას ენა ეფუძნება. როცა ენას სწავლობს, ყველა დანარჩენ ელემენტარულ ფუნქციას ენობრივი უნარები აკონტროლებენ. როცა გაიზრდები, წერა-კითხვა რომ უნდა ისწავლო, რომელიც სიმბოლური ფუნქციაა, თუ ენობრივი უნარები არ გივარგა, წერა-კითხვაშიც პრობლემები შეგექმნება, სტუდენტი რომ გახდები და 500 გვერდი გექნება წასაკითხი, ვერ წაიკითხავ…“ – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
ფსიქოლოგმა ასევე თქვა, რომ საძინებელ ოთახში არ უნდა არსებობდეს არც ტელევიზორი, არც გაჯეტი, არც ტელეფონი.
„კომპიუტერთან თამაში ათავისუფლებს დოპამინს, რომელიც არის სიამოვნების მომტანი. ამიტომ ეჯაჭვები მას. ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ნარკოტოკული საშუალებების გარდა არაფერი არ უყუჩებდათ ტკივილს, ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთ ჯგუფს საერთოდ მოუხსნეს ნარკოტიკები, შესვეს თამაშებზე და გაუყუჩდათ…
საძინებელ ოთახში არ უნდა არსებობდეს არც ტელევიზორი, არც გაჯეტი, არც ტელეფონი.
სადილის დროს, ხომ გინახავთ, ყველა ტელეფონშია, ცალი ხელით ჭამენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამას მოჰყვება სოციალიზაციის სერიოზული პრობლემა.
დღევანდელი ჩემი სტუდენტების ყველაზე დიდი ჩივილი არის ის, რომ უჭირთ კომუნიკაცია,“ – აღნიშნა გაგოშიძემ.