LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონ დადიანის ნათესავები თეა წულუკიანს: ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა

222
BeFunky-collage - 2023-02-16T232502.983

სიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავები, ლია და მიხეილ ვიდე საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ.

წერილში ისინი ორბელიანის სასახლიდან ნამუშევრების გატანას „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია“ ტილოების პოპულარიზაციისთვის, „რაც დასანანია“, პრეზიდენტის სასახლე კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

„2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.

ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას.

ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება.

რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა . დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც სიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების ლია და მიხეილ ვიდეს თხოვნით, მია ღვინიაშვილი აქვეყნებს.

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოძიება შეწყვეტილია.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g