ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანონის მიღებამ, შესაძლოა, საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე:
„არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ, სამწუხაროდ, უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი.
როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეწონილობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.
როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა,“ – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.