„მიხარია, რომ აქ ვარ. მე და გიგა მაქარაშვილმა ერთ ღამეში გადავწყვიტეთ რომ აქ უნდა ვყოფილიყავით“, – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, რომ რუსეთის კლანჭებს დავაღწიოთ თავი.“
„თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან ვფიქრობ, რომ უკრაინამ გადალახა ის, რაც უნდა გადაელახა. უკრაინის საქმე იქნება ძალიან მაგრად, ჩვენ კი ყველაზე დიდი პრობლემა გვექნება.
აქ დგომა პირველ რიგში ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, სუფთა ხელებით და რუსეთის კლანჭებს უნდა დავაღწიოთ თავი“. – აცხადებს ნადიმ ხმალაძე.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
კითხვაზე, თუ რა საფრთხეებს ხედავს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ხმალაძე აღნიშნავს, რომ „ფაქტობრივად, რუსეთში ვართ“.
„ერთი ხელის მოწერა უნდა და ყველაფერი დამთავრდება. მეტი საფრთხე რაღა შეიძლება რომ იყოს. კანონმა რუსეთში სამოქალაქო აქტივობა მთლიანად ჩაკლა, იგივე ხდება აქ. არ გაუვათ. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს“. – აცხადებს ხმალაძე „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.