შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს, სადაც ის 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საუბრობს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმიანება და „სამარცხვინოს“ უწოდებს.
კახა კალაძის განცხადებით, „თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ რევოლუციით და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან, რადგან საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას მოსახლეობა გადაწყვეტს“.
„ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, იმისთვის, რომ თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ოპოზიციისგან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ყოველდღიურად იყო მოწოდებები. გარკვეული პოლიტიკოსები რეალობას აცდენილები არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება ქვეყანაში. თუ ჰგონიათ, რომ რევოლუციით და დაპირისპირებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ძალიან ცდებიან. საქართველოშიც და ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება დემოკრატიულად და ამას გადაწყვეტს მოსახლეობა. თუ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რატომ უთხრა მოსახლეობამ მათ უარი 2012 წელს. მათ ჰგონიათ, მოსახლეობას დაავიწყდა, როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.