ბიძინა ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლა უნდა განხორციელდეს.
„უპირველეს ყოვლისა, თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა ივანიშვილზე, ძალიან რთული იქნება სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ის არის ამ ორი ადამიანის (ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის) პირადი პატიმარი. რატომ ჰყავდათ ის ამდენ ხანს დაპატიმრებული? რადგან მათ ესმით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება ამოკლებს მათ ძალაუფლებას. მინდა გავიხსენო, რა თქვა სიმონიანმა თბილისში მიტინგებზე რეაგირებისას – „საქართველოს არავინ მოეფერება, უბრალოდ დავარტყამთ ეგრევე თბილისს“. ეს არის რუსეთის ღია გზავნილი ბოლო მიტინგებზე რეაგირებისას. როგორც ბელარუსის შემთხვევაში იყო, როდესაც ოპოზიციური მიტინგები ჩაახშეს. ამის მთავარი მიზეზი იყო რუსეთის მიერ ბელარუსის პირდაპირი ოკუპაციის შიში. რუსების პირველივე რეაქცია იყო, რომ „ჩვენ დავბომბავთ თბილისს, ორ დღეში ავიღებთ საქართველოს.
ძალიან მოხარული ვარ, რომ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოდიოდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად ესმით. იცით, ჩვენი მთავრობის მთავარი გზავნილი რა არის? თუ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება, ამ პარტიის გარდა საქართველოში სხვა ალტერნატივა არ არის, იმავე დღეს დაიწყება ომი, თბილისში იდგება რუსული ტანკები. ეს გზავნილი, ასე თუ ისე მუშაობს, რადგან 2008 წელს საქართველოს თითქმის მესამედი იყო ოკუპირებული და ყოველი მეორე ქართველი საკუთარი თვალით ხედავდა რუსულ ტანკს. მაშინ, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება, დასავლეთი ამ საკითხს ძალიან არასერიოზულად მიუდგა, ისევე როგორც ყირიმის ოკუპაციის დროს დასავლეთი არაადეკვატურად მოიქცა და ახლა ჩვენ ასეთ დიდ ომში ვიმყოფებით. ძალიან მიხარია, რომ ამ შიშების მიუხედავად, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა მზად არის შეცვალოს ეს მთავრობა, ჩადგეს ევროპული ოჯახის რიგებში და ჩვენი მთავარი მეგობრის, უკრაინის მოკავშირე გახდეს. ხოლო ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელია“,- განაცხადა მერაბიშვილმა.