LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვერსიები ვრცელდება მუხიანში მომხდარ შემთხვევაზე

449
ფორტუნა - 2023-03-22T140220.004

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, მუხიანში მომხდარი შემთხვევის გამო, რა დროსაც მამაკაცი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება მიმდინარეობს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მამაკაცს, სავარაუდოდ, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ასევე, დამწვარი აქვს სხეული, კახა მურადაშვილი განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.

„ვარკვევთ, ვმუშაობთ. ადგილზე როგორც სასამართლო ექსპერტი, ისე კრიმინალისტები მუშაობენ და ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით“, – განუცხადა ადგილზე ჟურნალისტებს კახა მურადაშვილმა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დღეს დილით, მუხიანში ნაპოვნი მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ ლიფტში ჩააგდეს და კვალის დაფარვის მიზნით კაბინას ცეცხლი წაუკიდეს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით საუბრობს ერთ-ერთი ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან”.

„დილით, მეზობელმა კორპუსში კვამლის სუნი იგრძნო. გამოუძახებია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სხეული დამწვარი აქვს”, – აცხადებს ადგილობრივი.

გარდაცვლილი იმავე სადარბაზოში, მეშვიდე სართულზე მოხუც დედასთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგ დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

მისივე განმარტებით, გამოძიება იარაღსაც ეძებს.

„ამჟამად შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით არ დამთავრებულა. მუშაობს გამოძიება და ყველა კვალი მოიძებნება”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

კითხვაზე, საქმე ეხება თუ არა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, პროკურორი განმარტავს, რომ ამაზე კონკრეტულ პასუხს ჯერ ვერ გასცემს.

როგორც მან განმარტა, ექსპერტიზა ჩატარდება და კითხვებს პასუხს გასცემს.

„დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის [გარდაცვლილი]. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

საგამოძიებო მოქმედებები საცხოვრებელ კორპუსში და მის მიმდებარედ ამ დრომდე მომდინარეობს.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

მუხიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn, ტვ პირველი
magti 5g