LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ხმაურიანი ძარცვა ისტორიაში და სად შეიძლება იყოს ლეგენდარული ნახატები

276
Gardner-Museum-Zagl

30 წელიწადზე მეტი გავიდა ისტორიაში ყველაზე ცნობილი ძარცვიდან. ბოროტმოქმედებმა იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატები გაიტაცეს. მოპარულის დაბრუნებისთვის დღემდე 10 მილიონს ჰპირდებიან ჯილდოდ. ახლა მუზეუმში ცარიელი ჩარჩოები კიდია, ხოლო ძიებას უფრო მეტი კითხვები აქვს, ვიდრე პასუხები. რა შეიძლება მომხდარიყო, რა მოიპარეს და რა არის ცნობილი დღეისათვის?

იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმის ძარცვა

ცარიელი ჩარჩოები ნახატების დაბრუნებას ელოდებიან.

გარდნერის მუზეუმის ძარცვა ისტორიაში ყველაზე ხმაურიანად აღიარეს. სახუმარო ხომ არ არის, მოიპარეს ათზე მეტი ლეგენდარული ხელოვნების ნიმუში, რომელთა ფასი 500 მილიონ დოლარს სცდება. საქმე დღემდე გაუხსნელია. როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? ვინ არის დამკვეთი? სად არის მოპარული შედევრები? ეს კითხვები წლებია მოსვენებას არ აძლევს მსოფლიოს საუკეთესო მაძებრებს.

ეს ამბავი 1990 წლის 18 მარტს მოხდა. პოლიციელების ფორმაში გადაცმულმა ორმა უცნობმა მამაკაცმა დაცვის თანამშრომლებს უთხრეს, რომ განგაშის სიგნალზე მივიდნენ. დაცვის თანამშრომლებმა ცრუ პოლიციელები შეუშვეს და რამდენიმე წუთში ხელბორკილებით სარდაფში აღმოჩნდნენ. ამ დროში ქურდებმა მშვიდად წაიღეს ყველაფერი – 13 ლეგენდარული ნამუშევარი.

მუზეუმი იზაბელა სტიუარტ გარდნერმა დააარსა, რომელიც ხელოვნების თაყვანისმცემელი იყო და სიცოცხლის განმავლობაში შესანიშნავი კოლექცია მოაგროვა. მუზეუმი 1903 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კოლექცია იზრდებოდა. ქალმა მუზეუმს განვითარებისთვის დიდი თანხა, თითქმის 4 მილიონი დოლარი უანდერძა. ერთადერთი პირობა იყო არასოდეს არაფერი არ გაეყიდათ და არ გაეცვალათ.

იზაბელა სტიუარტ გარდნერი

1980-იან წლებში მუზეუმის ფინანსური მდგომარეობა უარესდებოდა, რამაც საჭირო ტექნიკური მომსახურების უქონლობა გამოიწვია. არ იყო დაცული კლიმატური პირობები და მუზეუმს არ გააჩნდა დაზღვევა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მუზეუმის გაძარცვის ჩანაფიქრი გამოაშკარავა. ამის შემდეგ შენობის ხელმძღვანელობამ რაღაც ზომები მიიღო. დააყენეს ვიდეოსათვალთვალო კამერა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ გარედან, შიგნით ძალიან ძვირ სიამოვნებად მიიჩნიეს. კომპენსირება მოხდა დაცვის ორი თანამშრომლის დამატებით და „საგანგაშო ღილაკის“ დაყენებით.

გასაგებია, რომ მძარცველებს დიდად მომზადება არც დასჭირვებიათ მუზეუმის დაცვის გვერდის ასავლელად. ბოროტმოქმედები გეგმაზომიერად მოქმედებდნენ. სიგნალიზაცია, რომელიც ნახატთან მიახლოებისას ირთვებოდა, გატეხეს. შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არავინ მიდიოდა სიგნალზე და მშვიდად წაიღეს ყველაფერი, რაც სურდათ. ნახატები ჩარჩოებიდან აკურატულად ამოჭრეს. დამნაშავეებმა იცოდნენ მათი ფასი. დეგას, ვერმეერის, რემბრანდტის, მანეს და სხვა სახელგანთქმული მხატვრების ტილოები სწრაფად ჩაალაგეს. ამის შემდეგ შეამოწმეს დატყვევებული თანამშრომლები და წაშალეს კვალი. რამდენიმე საათში ახალი ცვლა მოვიდა. სწორედ მათ გამოიძახეს პოლიცია, რომლებმაც აღმოაჩინეს ხელფეხშეკრული ამხანაგები სარდაფში.

იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმი, 1904 წელს

რა მოიპარეს

დამნაშავეებმა საერთო ჯამში 13 ნამუშევარი წაიღეს. იმ დროის შემდეგ მათი ფასი ნახევარ მილიარდამდე გაიზარდა. ქურდები შეეცადნენ არა მარტო ძვირიანი ნახატები, არამედ სპეციფიკური წაეღოთ. მოპარულთა შორის იყო: ვერმეერის „კონცერტი“, რემბრანდტის ერთადერთი საზღვაო პეიზაჟი „ქარიშხალი გალილეოს ზღვაზე“, რემბრანდტის მცირე ზომის ავტოპორტრეტი (რომელიც მანამდე ორჯერ უკვე მოეპარათ), რემბრანდტის „ქალი და ჯენტლმენი შავებში“, დეგას ყველა მონახაზი, კიდევ რამდენიმე არც თუ ღირებული, მაგრამ უნიკალური ხელოვნების ნიმუში, ასევე ნაპოლეონის საიმპერატორო გვარდიის დროშის იმპერიის არწივი.

რემბრანდტის „ქარიშხალი გალილეოს ზღვაზე“ (1633 წ)

ქურდების არჩევანის შესწავლისას ექსპერტები დააბნია იმან, რომ დამნაშავეებს გამორჩათ ისეთი ოსტატების შედევრები, როგორებიც მიქელანჯელო და რაფაელი არიან. იყო თუ არა ეს წინასწარ განზრახული ტაქტიკა? ქურდები არც ასულან მესამე სართულზე, სადაც ეკიდა ყველაზე ძვირფასი ნახატი – ტიციანის „ევროპის მოტაცება“. ანუ მათ იცოდნენ კონკრეტულად რა სურდათ. დღემდე ცარიელი ჩარჩოები თავის ადგილზე რჩებიან.

რემბრანდტის ორი მოპარული ნახატის ცარიელი ჩარჩოები: „ქალი და ჯენტლმენი შავებში“ (1633 წ) მარცხნივ და „ქარიშხალი გალილეოს ზღვაზე“ (1633 წ) მარჯვნივ

ეჭვმიტანილები და ხელჩასაჭიდი

რადგან ხანდაზმულობის ვადა 1995 წელს ამოიწურა, პროკურატურა აცხადებს, რომ ნებისმიერი, ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს მოპარულს და ამასთან მონაწილეობდა ძარცვაში, კანონით დევნას არ დაექვემდებარება. ფედერალურმა ბიურომ საქმეს ხელი მოჰკიდა, რადგან შესაძლო იყო ნახატები შტატების საზღვრებს მიღმა გაეტანათ. ქურდებმა „სუფთა“ ძარცვა მოახერხეს და არ დატოვეს პოლიციისთვის არც დნმ-ის კვალი და არც თითის ანაბეჭდები. დამნაშავეების აღწერილობამაც ბევრი არაფერი მისცა.

FBI-ის პლაკატი მანეს, რემბრანდტის და ფლინკის მოპარული ნამუშევრებისთვის “ინფორმაციის ძიებაში”

ეჭვი მიიტანეს დაცვის თანამშრომლებზეც და იმ დროისთცის სახელგავარდნილ მერლინოს ბანდაზე. მთავარი ეჭვმიტანილი იყო ვინმე ბობი დონატი. ის აპირებდა ციხიდან თავისი შეფის ვინსენტ ფერარას გამოყვანას და ამის გამო მოაწყო მუზეუმის ძარცვა. ვიღაცამ აღიარა კიდეც, თითქოს გაიგონა, როგორ ბაქიბუქობდა, რომ ნახატები მოიპარა და დამარხა. იყო რაღაც, რაც ბობიზე მიუთითებდა. პრობლემა ისაა, რომ ამ ვერსიის გადამოწმება ვერ მოხერხდა. იმავე წელს, როდესაც ძარცვა მოხდა, ბობი მოკლეს. რაღას ჰკითხავდნენ.

მუზეუმის ძარცვასთან კავშირში მყოფ ეჭვმიტანილთა მონახაზი

შემდეგი ეჭვმიტანილი გახდა ჯიმი მარკსი, სეზონური დამნაშავე, რომლის ანგარიშზე უკვე ირიცხებოდა მსგავსი ძარცვა. ისიც იწონებდა თავს, რომ გარდნერის მუზეუმის ნახატები ჰქონდა. გარდა ამისა, მას ბობი დონატისთან კავშირიც ჰქონდა. ძარცვიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ის საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.

რობერტ დონატის, ბოსტონელი განგსტერის, ფოტო, დაახლოებით 1960-იანი წლების

ამის შემდეგ მრავალი წელი გამოძიებას ახალი არაფერი ჰქონია. 2014 წელს უეცრად ერთი-ერთი დამნაშავის ქვრივმა განაცხადა, რომ მისმა ქმარმა თავის დროზე ჯიმი მარკსი მოკლა. გამოძიებამ შედეგი ვერ მოიტანა.
შემდეგ მაძებართა ყურადღება მიიპყრო რობერტ ჯენტილემ. ის დიდი წარსულის მქონე განგსტერი იყო. მისი სახლის ჩხრეკა უშედეგო აღმოჩნდა. მხოლოდ იარაღი და აკრძალული ნივთიერება ნახეს. FBI-ის თანამშრომლების ყურადღება მიიქცია ერთმა ქაღალდმა. ეს იყო გარდნერის მუზეუმში მოპარული ნახატების სია. ჯენტილე ყველაფერს უარჰყოდა, სხვა ხელჩასაჭიდი კი არ ყოფილა. ეს კავშირიც გაწყდა – ჯენტილე გარდაიცვალა.

FBI-ის პლაკატი “ინფორმაციის ძიებაში” რემბრანდტის ნახატისთვის “ქარიშხალი გალილეოს ზღვაზე”

საიუველირო ნივთების შემფასებელი პოლ კალანტროპო ბობი დონატის მეგობარი იყო. მას გამოძიების ხელმძღვანელ პროკურორს უთხრა, რომ დონატიმ თხოვა რაღაც ბრინჯაოს ნივთი შეეფასებინა. მან კი გარდნერის მუზეუმიდან მოპარული ნივთი უმალ ამოიცნო. უბრალოდ მაშინ გარიგება ვერ შედგა. პროკურორმა არ დაუჯერა კალანტროპოს.

FBI-ის პლაკატი “ინფორმაციის ძიებაში” ვერმეერის მოპარული ნახატისთვის “კონცერტი”

მუზეუმი კერძო დეტექტივებსაც ქირაობდა. ერთმა იპოვა ყოფილი ტუსაღი, რომელიც კარგად იცნობდა დონატის. ის ამტკიცებდა, რომ ბობი არასოდეს არავის არ ენდობოდა და რომ ნახატები საიმედოდ დამალა. სხვა ხელჩასაჭიდი სამართალდამცავებს არ ჰქონიათ. დონატი დარჩა მთავარ ეჭვმიტანილად.

13 მოპარული ნახატის საქმე დღემდე რჩება სენსაციად.
უბრალოდ რჩება იმედი, რომ ოდესმე დრო მაინც აჩვენებს თუ სად არის დაკარგული შედევრები და ვინ არის პასუხისმგებელი 1990 წელს იზაბელა სტიუარ გარდნერის მუზეუმის ძარცვაზე.

ოფიციალური განცხადება 1990 წელს იზაბელ სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან მოპარული შედევრების შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g