„აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ეს არის უხეში ჩარევა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე“ – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.
ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას აშშ-ს ელჩის დაბარებას ურჩევს და ამბობს, რომ კითხვებზე პასუხები სწორედ კელი დეგნანისგან უნდა მოითხოვონ.
„დასანქცირება მოგონილი სიტყვაა. უბრალოდ არ შეუშვებენ შტატებში. გამოიძახონ ელჩი და მოსთხოვონ დასაბუთება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ განცხადებებს და აყენებს შეურაცხყოფას ქართველ ხალხს. მოსახლეობას, რომლის მოსამართლეები აირჩია მათ მიერ არჩეულმა უმრავლესობამ.
თუ ვერ მიაღწევენ საწადელს, რომ სასამართლო გახდეს შტატების საელჩოს დაქვემდებარებული სტრუქტურა, მსგავს ქმედებებს გააგრძელებენ. ასეთი ქმედებებით აშშ-ს მიმართ ქართველი ხალხის ნდობა ნულამდე დადის“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ ფრიდონ ინჯიამ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
სანქცია ეხება არამხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. “დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად”, – წერია განცხადებაში.