„ჩემთვის გაუგებარია რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს პრეზიდენტი. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა ამოცანას, რომელიც 12 რეკომენდაციაშია გათვალისწინებული. რეიტინგებში საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს, როგორც კორუფციასთან ბრძოლის, ასევე კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა.
უმრავლესობის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკმაოდ გაუხარდათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადი 4 მოსამართლის დასანქცირების შესახებ, რაც მიუთითებს, რომ მათ არა საქართველოს კეთილდღეობა არამედ ქვეყანაში არეულობა უნდათ.
კითხვაზე ხომ არ გეგმავს ხელისუფლება ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს დაუბრუნდეს ეკა სეფაშვილმა ასე უპასუხა:
„მე ვმონაწილეობდი ევროპის ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის გლობალურ საპარლამენტო ქსელის შეხვედრაში, სადაც თითქმის 2 დღის განმავლობაში 30 ქვეყნის წარმომადგენელი ვსაუბრობდით სწორედ გამჭვირვალობის აუცილებლობის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ნებისმიერი ქვეყნისთვის.
ამავე კონტექსტში იყო საუბარი დეზინფორმაციულ გამოწვევებზე, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია მას ქვეყნისთვის. მე მათ გავაცანი ჩვენი გამოცდილება გამჭვირვალობის კანონის მიღების მცდელობასა და მის გაწვევასთან დაკავშირებით. დამსწრეთა პოზიცია იყო, რომ მსგავსი ტიპის ცვლილება აღარ უნდა განმეორდეს არცერთ ქვეყანაში. იყო საერთო განწყობა, რომ უნდა შემუშავდეს საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები, რომელიც სწორედ ამ პრობლემას დაარეგულირებს ნებისმიერ ქვეყანაში. მე მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ეს გადაწყვეტილება, რომ საჭიროა საერთაშორისო პასუხი ასეთი ტიპის გამოწვევებზე დღის წესრიგში ნათლად დადგა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემაში „დღის თემა“.