ევროკავშირმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ევროპული სამოქალაქო ინიციატივისთვის – „ყველა დედაქალაქი და ხალხი ჩქაროსნული მატარებლების ქსელით გაერთიანდეს“.
ინიციატივის ავტორები ევროკომისიას მოუწოდებენ რომ გამოიყენონ არსებული რკინიგზის ქსელები, ხოლო სადაც საჭიროებაა ინფრასტრუქტურაც მოაწყონ.
ევროპელებს ზუსტად ერთი წელი ექნებათ იმისთვის, რომ ინიციატივას მხარი დაუჭირონ. თუკი შეთავაზება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანებისგან მილიონზე მეტ ხელმოწერას მოაგროვებს, ევროკომისია ვალდებული გახდება ის განიხილოს და შესაბამისი კანონპროექტი მოამზადოს. ამის შემდეგ განხილვაში ევროპარლამენტი ჩაერთვება, ისევე როგორც სხვა საკანონმდებლო ინიციატივებში.
ასეთი სიახლის მთავარი ამოცანა – ახლო დისტანციაზე მფრინავი ავიარეისების ალტერნატივის პოვნაა, რამეთუ მატარებლებით გადაადგილება 5-ჯერ უფრო ეკოლოგიურია ვიდრე ფრენა.
ევროპული ქვეყნებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გადაადგილების ეკოლოგიური მეთოდი აირჩიონ. მაგალითად, დანიაში აპირებენ რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესრულებულ რეისებზე დამატებითი სამგზავრო გადასახადი დააწესონ.