მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა საქართველოს კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის – „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლის, დრამატურგის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლაშა თაბუკაშვილის, საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინიტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
ლაშა თაბუკაშვილის ლიტერატურული დებიუტი 1969 წელს შედგა ჟურნალში „ცისკარი“ მოთხრობით – „მოკლეს ბიჭი“.
მწერლის პიესები თარგმნილია არაერთ ენაზე. მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო’ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში – „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი“.
წლების განმავლობაში ლაშა თაბუკაშვილი იყო კონომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი. არის ლიტერატურული პრემიების – „საბასა“ და „საგურამოს“, ასევე – თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ წელს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში კინომსახიობთა თეატრში უკვე გაიმართა შეხვედრები ვასილ ბესელიასთან, ანდრო ბუაჩიძესა და ტარიელ ხარხელაურთან. მსგავსი ტიპის შეხვედრები ივნისშიც გაგრძელდება და ლიტერატურის მოყვარულები 3 ივნისს – გია მურღულიას, 26 ივნისს კი ლია სტურუას შეხვდებიან.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ლიტერატურის, თანამედროვე მწერლებისა და წიგნების პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. მწერლებთან შეხვედრები იმართება საქართველოს ყველა კუთხეში, ასევე – სამხედრო ნაწილებში, პენიტენციურ დაწესებულებებში, სკოლებში, საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებზე.