LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ მოზარდებისთვის უსაფრთხო მართვისა და გარემოს დაცვის შესახებ თემატური ტრენინგი შეიმუშავა

429
to (1)

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სერტიფიცირებულმა ტრენერებმა წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, უსაფრთხო მართვასა და გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებით, რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი თემატური ტრენინგი ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემატურ ტრენინგზე, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გაიმართა, 16-17 წლის 25 მოზარდს, ცენტრის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ მართვის, ავტომანქანის უახლესი უსაფრთხოების სისტემებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ასაკის შესაბამისად ადაპტირებული ინფორმაცია ვიზუალური მასალის თანხლებით მიაწოდეს და მოსწავლეებს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მაგალითები გაუზიარეს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ადმინისტრაციული მენეჯერის, სოფიო იობაშვილის ინფორმაციით,  კომპანიამ მოსწავლეებზე გათვლილი თემატური ტრენინგი სპეციალურად შეიმუშავა, რათა ახალ თაობას მოზარდობის ასაკიდანვე დაეხმაროს იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში, რაც კარგ მძღოლობას, სოციუმის უსაფრთხოებას და  გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება.

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ გადაწყვიტა, სპეციალურად მოზარდებისთვის შეემუშავებინა პოპულარული თემატური ტრენინგი, გაემდიდრებინა ასაკთან ადაპტირებული ინფორმაციითა და ვიზუალური მასალით, რაც ახალ თაობას დაეხმარება გააცნობიეროს, თუ რა სამოქალაქო პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ავტომობილის უსაფრთხო მართვა, როგორია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები, რას ნიშნავს კარგი მძღოლობა, ზრუნვა გარშემომყოფებსა და გარემოს დაცვაზე. ტრენინგის სამიზნე ჯგუფად სპეციალურად შევარჩიეთ სკოლის მოსწავლეები, 16-17 წლის მოზარდები, რომლებიც სწორედ ამ ასაკში იწყებენ ავტომობილის მართვის საფუძვლების შესწავლას სკოლაში. ვფიქრობთ, ამ ასაკიდან უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია. მსგავსი აქტივობებით „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მომზადებას უსაფრთხო მართვის კუთხით, მათი ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ, ჩვენი ახალი თაობა გაცილებით უკეთ გააცნობიერებს უსაფრთხო მართვასთან და გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს“, – განმარტავს სოფიო იობაშვილი.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თინათინ მაკარიძემ მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევები და მათ დასაძლევად ტოიოტას მიერ შემუშავებული უახლესი ეკომეგობრული ტექნოლოგიები გააცნო, ასევე, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გარემოსდაცვით აქტივობებზე ესაუბრა.

„უსაფრთხოების ნორმებისა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის კრიტერიუმების გარდა, გადავწყვიტეთ, მოზარდებს გავაცნოთ ის გარემოსდაცვითი გამოწვევები, რომლებზეც ტოიოტა, როგორც გლობალური ქსელი, აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ქმნის ისეთ უახლეს, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ჰიბრიდულძრავიანი სერიული ავტომობილები, ელექტრომობილები და წყალბადის ძრავაზე მომუშავე მოდელები; განვუმარტეთ, რომ ელექტრომობილებსა და წყალბადისძრავიან ავტომობილებს საერთოდ არ აქვთ მავნე გამონაბოლქვი და სწორედ ამ ნულოვანი ემისიის გამო მათი ზემოქმედება გარემოზე მინიმალურია. ვისაუბრეთ „ტოიოტა ცენტრი თბილისზე“, როგორც ტოიოტას ოფიციალურ წარმომადგენელზე ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე 27 წელია ფუნქციონირებს, შევეხეთ იმ გარემოსდაცვით აქტივობებს, რომლებსაც ცენტრი სხვადასხვა ტიპის ნარჩენების მართვის კუთხით ახორციელებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სახიფათო ნარჩენების მართვა ერთ-ერთი სენსიტიური თემაა. ვფიქრობთ, მსგავს საკითხებზე აქცენტირება მნიშვნელოვანია, რათა მოზარდებმა გააცნობიერონ, რომ სახიფათო ნარჩენები ჩვენს გარემოში არ უნდა მოხვდეს. სულ მალე ეს ახალგაზრდები ჩვენი სოციუმის ყველაზე აქტიური წევრები გახდებიან, მათი უმრავლესობა ავტომობილის საჭესაც მიუჯდება. ვფიქრობთ, მათ აქედანვე უნდა გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რაც უსაფრთხო მართვას და გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

ტრენინგის დასასრულს, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“  წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის, სპეციალური დანადგარის მეშვეობით, ავტოავარიის სიმულაციის დემონსტრირება მოახდინეს. მოზარდებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ როგორ იცავს სინამდვილეში ავტომობილის ამოტრიალებისას მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას შეკრული ღვედი.

„ტრენინგი ძალიან მომეწონა, რადგან დაინტერესებული ვარ ავტომანქანებით. ბევრი რამ ახალი გავიგე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ. განსაკუთრებულად საინტერესო იყო ავარიის სიმულაცია. მივხვდი, რომ შეკრული ღვედი უსაფრთხოებას ნამდვილად იცავს. ისიც აგვიხსნეს, რომ ავტომობილის სალონში არ უნდა იყოს მიმოფანტული არასაჭირო ნივთები, მძღოლს მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა ჰქონდეს და ისინიც დაფიქსირებული ან დამაგრებული უნდა იყოს სალონში. უკვე ვხვდები, რომ ვიდრე  მართვის მოწმობას ავიღებ. ბევრი რამ მაქვს სასწავლი, არა მარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული კუთხითაც“, – ამბობს წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თეიმურაზ კრიჭაშვილი.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ წარმომადგენლები განმარტავენ, მოზარდებისთვის განკუთვნილ თემატურ ტრენინგს კომპანია სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელებს გარკვეული პერიოდულობით შესთავაზებს.

(R)

magti 5g