LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო – სულ მალე საქართველოში

494
ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.

პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა ყველგანმავალმა შეინარჩუნა ის მთავარი სტატუსი, რაც ყოველთვის ჰქონდა და რისთვისაც უყვართ – ახალი პრადოც მაქსიმალურად კომპეტენტური ოფროუდერი და კომფორტული „კრუიზერია“.

რა შეიცვალა ახალ მოდელში? ბევრი რამ! მაგრამ თვალში, უპირველესად, მისი სრულიად განახლებული დიზაინი მოგხვდებათ. ტოიოტამ თავიდან აღმოაჩინა დაკუთხული ფორმები, კანტები და შესაბამისად, დაასრულა წინამორბედი მოდელის ჩამრგვალებული ფორმის ერა. მიუხედავად ამისა, ახალი პრადო მაინც შეუცდომლად იცნობა და ვიზუალურადვე მიახვედრებს ნებისმიერს, რომ ლენდ კრუიზერია. მოკლე განაკიდები, მკვეთრად ფორმირებული კუთხეები, ჩარჩოიანი ძარა – ყველაფერი თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გაქვთ ნამდვილ ყველგანმავალთან. ამასთან, ტოიოტამ ძარის ბევრი დეტალი ისე გააკეთა, რომ დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი მარტივად იცვლება.

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე – 1,98 მეტრი, სიმაღლე კი 1,87 მეტრი. თვლების ბაზა ამჯერად 2,85 მეტრს შეადგენს.

ცხადია, პრადომ შეინარჩუნა ჩარჩოიანი ძარა – სხვანაირად ლენდ კრუიზერი ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალი მოდელი იმავე, GA-F პლატფორმაზეა აგებული, რაზეც ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300. ახალ პრადოს და 300-ს თვლების ბაზაც კი იდენტური აქვთ (2,85 მეტრი. შედარებისთვის: წინამორბედი პრადოს თვლების ბაზა 2,79 მეტრია).

ტოიოტას ბესტსელერი ყველგანმავლის ახალი თაობის ჩარჩო 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო და საერთოდ, მთელი კონსტრუქციის სიმტკიცე ძარასთან ერთად 30%-თაა გაზრდილი. 

რაც შეეხება შასის კონსტრუქციას: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონიც გაზრდილია. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს და მოძრავს ხდის, რომ ბორბლებმა ველურ ზედაპირზეც არ დაკარგონ მოჭიდება. ცხადია, ამასვე ემსახურება თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონის გაზრდაც.

კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (გააჩნია კომპლექტაციას), ხოლო უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.

სიახლეა სრულიად ახალი ელექტრონული მოხვევის სისტემა, რომელიც უფრო რბილად მუშაობს და ამავდროულად, მძღოლს მეტი უკუკავშირით ასიამოვნებს. განახლდა Multi-Terrain Select სისტემაც, რომელსაც უგზოობის კრუიზკონტროლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Multi-Terrain მონიტორი, რომლის მეშვეობითაც უგზოობაზე გადაადგილებისას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რა ხდება ავტომობილის ქვეშ.

ახალი პრადოს ინტერიერზე მუშაობისას ტოიოტას ინჟინრების უმთავრესი ამოცანა ფუნქციურობის უმაღლეს დონეზე აყვანა იყო, რა თქმა უნდა, კომფორტთან ერთად. მძღოლის განკარგულებაშია ციფრული ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციებისთვის. მნიშვნელოვანი ფუნქციების ღილაკებს შეხვდებით როგორც საჭეზე, ასევე ცენტრალურ კონსოლზეც, ანუ გარკვეულწილად შენარჩუნებულია ანალოგური ესთეტიკაც. ღრმად ჩასმულმა ფანჯრებმა ხილვადობა გააუმჯობესა. მედიასისტემის ეკრანის დიაგონალი შესაძლებელია იყოს 8,0 ან 12,3 დუიმი.

პრადო ხელმისაწვდომია როგორც სავარძლების ორი, ასევე სამი რიგითაც – შესაბამისად, ავტომობილში შეიძლება მოთავსდეს როგორც 5, ისე 7 მგზავრიც. საჭისა და წინა სავარძლების გათბობა საბაზო კომპლექტაციაშია. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია როგორც ტყავის სალონი, ისე წინა სავარძლების ელექტრონული რეგულირება და გაგრილების ფუნქციაც, ასევე სამზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით. ახალ პრადოში შეხვდებით საქარე მინაზე პროეცირების სისტემას (Head Up დისპლეი), პანორამულ ჭერს და ტოიოტას ახალ სარკეს ეკრანული ფუნქციით, რომელსაც ინფორმაციას უკან განთავსებული კამერა გადასცემს.

ტოიოტას ინჟინრებმა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანეს ტრანსმისიაც მუდმივი სრული ამძრაობით, ბლოკირებადი დიფერენციალითა და დამადაბლებელი (მამცირებელი) გადაცემით. პრადოს აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. ახალ მოდელში კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. „ცოცვის რეჟიმი“, კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდა სისტემა Multi-Terrain Select, რომელსაც ახალი რეჟიმები დაემატა და ახლა ისინი გააქტიურებულ დამადაბლებელ გადაცემაზეც მუშაობენ. განსაკუთრებული სიახლეა საჭის ელექტრონული გამაძლიერებელი, რამაც ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი ჩაანაცვლა.

საწყის ეტაპზე ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. ეს არის ერთრიგა 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიზელი, რომლის სიმძლავრე 204 ცხენის ძალას შეადგენს. სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური საბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად, ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.

გაუმჯობესდა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. გარდა იმისა, რომ ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება, თქვენი და თქვენი თანამგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი, შეჯახებისგან დაცვის სისტემა და ა.შ.

ახალი დიზაინით და თანამედროვე ტექნიკით ახალი ლენდ კრუიზერ პრადო ძველ ფანებსაც შეინარჩუნებს და ახლებსაც გაიჩენს. რაც მთავარია, პრადომ არა მარტო შეინარჩუნა ნამდვილი ყველგანმავლის სტატუსი, არამედ მისი ოფროუდ-ტექნიკა განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა. მუდმივი სრული ამძრავი, ჩარჩოიანი ძარა, გაუჭრელი ღერძი უკან, დამადაბლებელი გადაცემა, დიფერენციალის ბლოკირება, ყველგანმავლის კლასიკური პროპორციები და ფორმები – უგზოობაზე ახალი პრადოს საჭესთან გამოუცდელი მძღოლებიც კი თავს კომპეტენტურ ოფროუდერებად იგრძნობენ, ხოლო გზებზე კი, განსაკუთრებით შორ გზებზე, ბესტსელერი ყველგანმავლის ახალი თაობა საუკეთესო კომფორტით გასიამოვნებთ.

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრი თბილისში, ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტოიოტა ცენტრი ბათუმში.

(R)