საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში მსახიობ სოფიკო ჭიაურელთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
ნინო სურგულაძე წერს, რომ სოფიკო ჭიაურელის დახმარებით 19 წლის ასაკში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი გაიცნო, რამაც მასზე და მის მომავალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ნინო სურგულაძე სოფიკო ჭიაურელს მადლობას უხდის სიყვარულისთვის და ადამიანობისთვის. საოპერო მომღერალი წერს, რომ სოფიკო ჭიაურელი მისი და კიდევ ბევრი ადამიანის გულში „სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა“.
„ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს… სცენას… კინოს და უბრალოდ ქალაქს. დიდი სოფიკო ჭიაურელი.
დაახლოებით 13 წლის ვიყავი როცა გავიცანი. მალევე სახლში მიმიწვია მან და კოტემ სტუმრად ფიქრის გორაზე… სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა შემდგომ ჩემი გადაწყვეტილება რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა ნინო მოდიო შენ უნდა იყო ამ საღამოზე ჩემთანო და კლასიკა უნდა იმღეროო… მე სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და მასთან კი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა.. როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო თქო ვუთხარი… მაინც დამარწმუნა, ღიმილით და სითბოთი ამავდროულად ისე მესაუბრა რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც. ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი… რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო…
მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და ამავდროულად სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი.. განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი“, – წერს ნინო სურგულაძე.
ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს……
Posted by Nino Surguladze on Saturday, 27 May 2023