რუსთაველზე, გასულ ღამეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველების დაკავების ფაქტებს სახალხო დამცველი ეხმიანება.
ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“.
„ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია.
აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.
ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცველთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღეა, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მარტის აქციების დროს, ე.წ. „კოქტეილის საქმეზე“ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს. 1 ივნისს, ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.
რაც შეეხება გასულ ღამით განვითარებულ მოვლენებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ღამით სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ამ დროისთვის თუთბერიძე თავისუფალია.