LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს – აქტივისტების ინფორმაციით, აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

156
აქცია 33

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავება გააპროტესტეს.

მხარდამჭერების განცხადებით, სასამართლოს მიერ ბექა გრიგორიადისთვის 2 000 – ლარიანი გირაოს დაკისრება სიმბოლური ჯარიმაა, რომელსაც გრიგორიადისი არ გადაიხდის და სასამართლო გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.

„დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება საინტერესო იყო. არ მქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მაშინ, როცა “კლანი” მიმართავს ჩვენს სასამართლოს.

ეს არის განგრძობითი აქცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ქორიძემ.

მხარდამჭერების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ლაზარე გრიგორიადისი არ გათავისუფლდება.

„ეგონათ, რომ ბექას დაკავებით მუხტს მოკლავდნენ და აქციები დასრულდებოდა. ჩვენი მოთხოვნაა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება და რუსული რეჟიმის დასრულება.

სიმბოლური ჯარიმა მიანიჭეს, რომელსაც ბექა არ გადაიხდის და სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. პროტესტი გაგრძელდება და სანამ საჭირო იქნება მანამდე გავათენებთ პარლამენტის შენობასთან”, – განაცხადა აქტივისტმა, სანდრო ქინქლაძემ.

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ფარულავას ინფორმაციით, ადვოკატი შოთა თუთბერიძე პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს.

ფარულავას ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე ბანერის ხელში ჭერის გამოა დაკავებული.

ცნობისთვის, მარტის აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ინფორმაციისთვის, ბექა გრიგორიადისი 1 ივნისს, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g