„დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო გუნდის ძალისხმევის შედეგად კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ნამდვილად არსებობს, თუმცა მის მიღებაში 100%-ით დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით სხვადასხვა პოლიტიკური გარემოების გამო.
„რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული“ – ირაკლი ქადაგიშვილი
ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, „როდესაც საქმე ობიექტურ შეფასებაზე მიდგება, ვხედავთ, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები, თუნდაც აღმოსავლეთიდან“.
„დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ.
პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, დიდი შანსია, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უარყოფითი პასუხი მივიღოთ. ამასწინათ ერთ-ერთ ძალიან რეიტინგულ დასავლურ გამოცემაში – „პოლიტიკოში“ დაიწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა დამთავრდეს ბალკანეთზე და არანაირი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქ აღარ მოიაზრება.
მით უმეტეს, რომ საქართველო გეოგრაფიულადაც უფრო შორს არის, ვიდრე მოლდოვა. უკრაინას რაც შეეხება, გასაგებია, მის მიმართ სხვა განწყობაა ამ ომის გამო, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებითაც კი მისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ, თქვა, რომ 2050 წელი არის ყველაზე ახლო თარიღი, როდესაც შესაძლებელი იქნება უკრაინის ხილვა ევროკავშირში მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ყველაზე ახლო თარიღად მან 2050 წელი დაასახელა.
როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია მხოლოდ ფორმალურად სრულდება, ფორმალურში რას გულისხმობენ, თავადაც არ იციან. როდესაც საქმე ობიექტურ შეფასებაზე მიდგება, ვხედავთ, რომ საქართველო არის ბევრად წინ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები, თუნდაც აღმოსავლეთიდან. დარწმუნებული ვარ, ეს რეკომენდაციები მთლიანად შესრულდება. როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს იმედი საერთოდ არ არის.
თუნდაც ორიოდე დღის წინ, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო დასავლეთის ქვეყნებში, პირდაპირ თქვა, ყველა ლიდერი, ვისაც ველაპარაკები, გამოხატავს მზადყოფნას დასახმარებლად და ამბობენ, რომ სურთ ჩვენი მათ რიგებში ხილვა და მათი კარი ღიაა ჩვენთვის. იმედები არსებობს, რაც არის იმ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ჩაშალოს მთელი ეს პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება და როგორ მავნებლობს ოპოზიცია. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმისათვის, რომ გადმოაბიჯოს შავ ზღვასა და თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსის მატარებელია და თქვას, რომ მზად არის საქართველოს ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს
ამასთან, სოზარ სუბარმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომ უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა გახდა რუსული აგრესიის მიზეზი. როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, ამას კრიტიკა მოჰყვა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოებისგან“, ასევე იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც მისივე თქმით, მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ საერთაშორისო ასპარეზზე.
„მოდი ეს კრიტიკოსები გავყოთ ორ ნაწილად. პირველი არის ქართული ოპოზიცია თავისი „ენჯეოებით“ და მეორე – ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ საერთაშორისო ასპარეზზე. აღარ გავამახვილებ ყურადღებას მათ განცხადებებზე, თუმცა იყო სხვა ტიპის განცხადებებიც, რომლებიც არ მგონია, რომ ძალიან სამართლიანი იყო. ღარიბაშვილმა რეალურად თქვა – რუსეთმა თავისი აგრესია იმით ახსნა, რომ ნატოს გაფართოებას არ დაუშვებდა. ეს არ იყო ის, რაც მხოლოდ ღარიბაშვილმა თქვა. იგივე თქვა, მაგალითად, დასავლეთში ყველაზე ცნობილმა პოლიტოლოგმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა, ჰენრი კისინჯერმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა – რუსეთმა გამოგვიცხადა, რომ არ დაუშვებდა NATO-ს გაფართოებას და ჯერ კიდევ 2014 წელს ვამბობდი, რომ აქ სიფრთხილე იყო საჭიროო.
იგივე აქვს ნათქვამი თავის დროზე – გასული წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტს და არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს. ასე რომ, აქ ახალი არაფერი იყო. ეს აგრესიის გამართლება კი არ იყო, არამედ ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი მუდმივად ამბობდა, რომ მისთვის წითელი ხაზები გადის სადღაც, ჩვენი პასუხი ხომ ყოველთვის იყო ის, რომ ვინ რომელ ალიანსში გაწევრიანდება, ეს არ არის არავის საქმე. მაგალითად, ამ შემთხვევაში, NATO არ მიაქცევს ყურადღებას, რას იტყვის პუტინი.
იმავე კონფერენციაზე კიშინიოვში ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირისკენ უკრაინის სწრაფვა იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც დაიწყო პუტინმა მის წინააღმდეგ აგრესია. გამოდის, რომ ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია, ეს განცხადება მისაღებია, ხოლო პუტინმა აგრესია NATO-ს გამო დაიწყო – ეს განცხადება მიუღებელია?“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის აღნიშნულ განცხადებას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.