საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სტიქიის გამო, რამდენიმე რეისი ვერ შესრულდება და მატარებლები დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.
შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
- თბილისი-ბათუმი(#804)
- თბილისი-ფოთი (#874)
- ბათუმი-თბილისი (#801)
- ბათუმი-თბილისი (#807)
- ზუგდიდი-თბილისი (#869)
- ბათუმი-ერევანი (#201)
კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება.
კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძვირფასო მგზავრებო!
სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მეწყერმა მნიშვნელოვნად…Posted by საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway on Saturday, 1 July 2023