LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე“ – ლევან დავითაშვილი

119
ლევან დავითაშვილი

„გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ზოგადად, კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს.

„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ზოგადად, კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობაში და მოიცავს არაერთ ასპექტს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო განზომილებას, შესაბამისად, არის კომპლექსური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს, ესეც ყოვლისმომცველია და შეგვიძლია თქვათ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს. აქ საუბარია თანამშრომლობაზე როგორც ინვესტიციების მიმართულებით და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ საქართველოში ჩინეთიდან შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სხვადასხვა დარგში. ასევე საუბარია თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სფეროებში და აქაც საუბარია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ სამი მიმართულებით განავითაროს თავისი პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის გადაქცევას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. იცით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის. მეორე – საქართველო შეიძლება იყოს ციფრული ჰაბი და ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები. ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ასევე საუბარია ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე და იცით, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. დღეს ის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ყველა პოტენციალი გააჩნია, რომ ჩინეთი იყოს საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი, გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და სავაჭრო ურთიერთობა წახალისდეს ორივე ქვეყნიდან. საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს როგორც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ასე, რომ ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან პერსპექტიულია. პერსპექტიულია ასევე ავია მიმოსვლის კუთხით და საუბარი იყო იმაზე, რომ თავისუფალი ცის ფარგლებში ჩვენ მეტი კავშირი გვექნება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან და შესაბამისად, ეს პირდაპირ ხელს შეუწყობს ტურისტულ ნაკადს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g