„შოვი მხოლოდ სტიქიური უბედურების ადგილი არ არის, შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, „სახელმწიფომ დროული და ეფექტიანი რეაგირება ვერ უზრუნველყო და ადამიანები განსაცდელში მიატოვა“.
„შოვში მომხდარი ტრაგედია ვერ ჩაიფარცხება, ამ ამბავს ხელისუფლება ვერ გადააგორებს.
ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიების საფრთხეებისგან არ აზღვევს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ღამის ხედვის ვერტმფრენი, არამედ გამართული სისტემა, ინფრასტრუქტურა, პრევენციის მექანიზმები და ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაში ყოფნა.
ბოდიში სიცოცხლეს უკან ვერ დააბრუნებს, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ, რომ სახელმწიფომ დროული და ეფექტური რეაგირება ვერ უზრუნველყო და ადამიანები განსაცდელში მიატოვა.
დღის წესრიგში დგას საკითხი სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა და სად არიან პასუხისმგებლობის ამღები პირები, რომელთაც გამბედაობა ეყოფათ თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი და რას აპირებენ უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს..
გამოძიება დაიწყო უწყებამ, რომლის ერთ-ერთი დანაყოფი იყო პასუხისმგებელი რეაგირებაზე. ახლა ეს უწყება იძიებს თუ რამდენად სწორი და დროული იყო რეაგირება ანუ უწყება იძიებს საკუთარ თავს, მელა იძიებს საკუთარი კუდი სწორად იყო თუ არა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გამოიძიებს მელა საკუთარ კუდს. გვახსოვს არაერთი სისტემურად არასწორად წარმართული გამოძიება, რომელიც არაფრამდე მივიდა“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შოშვი მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.
9 აგვისტოს, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“