LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანდიოზული სანახაობა, ემოციების ზღვა და ახდენილი ოცნებები – Imagine Dragons-ის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

2168
Imagine Dragons

გრანდიოზული სანახაობა და მსმენელთა უწყვეტი, ზღვა ემოციები – გუშინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე #StarringGeorgia-ს ფარგლებში გამართული ამერიკული ინდი-ჯგუფის – Imagine Dragons-ის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. 

გარდა იმისა, რომ Black Sea Arena-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა 4 გრემის მფლობელი, პოპ-როკ ჯგუფის ცნობილი ჰიტებით ესიამოვნა, Imagine Dragons-ის ვოკალისტმა, დენ რეინოლდსმა ენერგია არ დაიშურა და ქართველ მსმენელს მისთვის ჩვეული, დამახასიათებელი ენერგია – ნამდვილი „ემოციების შოუ“ აჩუქა.

 

 

მეტიც, როგორც მან ღონისძიების კულმინაციურ მომენტში სცენაზე თქვა, ქართველი მსმენელი საუკეთესო აუდიტორია აღმოჩნდა, თავი კი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.

 

 

აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ კონცერტზე არც ქართველ მსმენელს დაუკლია ენერგიის გაცემა – 7 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მიხეილ მესხის არენის კარი გაიხსნა, არ შეწყვეტილა ასობით მელომანის რიგში დგომა, რომელთა რიცხვმა, ჯამში 30 ათასი შეადგინა და დაუვიწყარი ემოციები გაიზიარა.

 

 

კონცერტი ქართულმა ჰიპ-ჰოპ ბენდმა – Killages-მა გახსნა და აუდიტორიის წინაშე საინტერესო, განსხვავებული სანახაობით წარდგა.

როგორც Black Sea Arena-ს ხელმძღვანელმა, ტატო ხარჩილავამ მედიასთან აღნიშნა, სასიხარულო და საამაყოა, რომ ქართული ბენდი, მელომანების ე.წ გახურებისთვის თავად Imagine Dragons-ის „პროდაქშენმა“ შეარჩია.

 

 

 

 

სანახაობის დაწყებამდე კი, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა „ლოკომოტივის“ სტადიონზე სპეციალურად შექმნილი, კომფორტული ატმოსფეროთი ესიამოვნა და სხვადასხვა აქტივობებით დაკავებულიყო.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ Imagine Dragons-ის მთავარ სცენაზე გამოჩენამ, უამრავ ქართველ (და არა მხოლოდ) მსმენელს ოცნება აუხდინა და შესაბამისად, ჯგუფმა ეს უწყვეტი ენერგეტიკა 2 საათის განმავლობაში შეინარჩუნა.

 

 

 

ბენდმა სცენა, ცნობილი სიმღერით – My Life გახსნა, მომდევნო 2 საათის განმავლობაში კი, გამოშვებული ხუთივე ალბომიდან არაერთი ცნობილი ჰიტი შეასრულა და მსმენელებს ჯადოსნური LIVE „პერფომანსი“ მიუძღვნა.

 

 

 

 

ხაზგასასმელია, რომ გარდა ტექნიკური ნაწილისა, რაც აუცილებლად კარგ ჟღერადობასა და მასშტაბურ სასცენო აღჭურვილობას გულისხმობს, ღონისძიება უსაფრთხოების კუთხითაც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

„შოუ“ კი ულამაზესი ეფექტებით – „წვიმის“ ფოიერვერკებით იყო გაფორმებული, რამაც აუდიტორიის ემოციური განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

 

 

 

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ჰიტი – Radioactive, რომელსაც მსმენელი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა.

 

 

კონცერტის მიწურულს კი ჯგუფის ვოკალისტმა, დენ რეინოლდსმა ქართველ აუდიტორიას ემოციური სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს საკუთარი თავის შემეცნებას, ბევრი რთული ეტაპი განვლო და რომ სიცოცხლე ყველაზე ღირებული რამაა.

მან საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და ქართველ მელომანებს უთხრა, რომ თავი ისე აგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში.

 

 

 

ღონისძიების დასასრულს „ფორტუნამ“ Imagine Dragons-ის განსაკუთრებულ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს მოუსმინა, რომელმაც გაგვიზიარა, რომ ამ ღონისძიებით მისი ოცნება ახდა, რადგან ეს ის ჯგუფია, რომელმაც ცხოვრება რადიკალურად შეუცვალა:

„2018 წელს, როცა პირველად მათი ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა – „Demons“-ის ტექსტი მოვისმინე, ამ ჯგუფის შეხედულებები კარგად გავიაზრე, მივხვდი, რომ ჩემთან ძალიან ახლოს არიან.

დენ რეინოლდსი ისედაც ლიდერ შემსრულებელია, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, ჯგუფის 4-ვე წევრს, რომლებიც სასწაულს ერთად ქმნიან. ტექსტებს კი, რომელზედაც ისინი ერთობლივად მუშაობენ და ათანხმებენ, იმდენად ღრმა სამყარო აქვს, იმის იქით არ ვიცი, რამე თუ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ვოკალისტს, დენს ბევრი წელი ღრმა დეპრესია ჰქონდა, აქედან ამოსვლა კი ძალიან კარგად ჩანს მის თითოეულ ნამღერში. ყველა სიტყვა, რომელსაც ის მსმენელს უძღვნის, ეუბნება, რომ სიცოცხლე ყველაზე ღირებული რამაა.

მე, როგორც მსმენელს, მათმა სიმღერებმა ძალიან რთული პერიოდი გადამატანინა, რადგან მათი მოსმენა ჩვეულებრივი თერაპიაა.

როგორც ამერიკელები იტყვიან, ჩემთვის ეს ადამიანი Beautiful Soul-ია (ლამაზი სული) და მან ზუსტად ასეთივე საღამო გვაჩუქა.

ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა სამყაროს და ორგანიზატორებს ამ საღამოსთვის, რომელზედაც ამდენი ხანი ვოცნებობდი“. – გვითხრა Imagine Dragons-ის გამორჩეულმა მსმენელმა და გულშემატკივარმა, მაია გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 15 აგვისტოს ამერიკულ ბენდს – The Killers-ს უკვე უმასპინძლა.

Imagine Dragons-ის შთამბეჭდავი „Live“-ის შემდეგ, 1 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, მთავარ სცენას 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars დაიკავებს.

 

 

ფოტოები: Black Sea Arena
სტატიის ავტორი: სალომე სარიშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g