LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია და სანახაობა – მცხეთის სამი გამორჩეული ციხესიმაგრე – „ბონ ვოიაჟი”

279
მცხეთა

 საქართველო ციხესიმაგრეებით რომ გამოირჩევა ამას უცხოელი სტუმრებიც ხშირად აღნიშნავენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად ბევრი ბრძოლის გადატანა უწევდა ჩვენს ქვეყანას საუკუნეების მანძილზე. დღეს ციხესიმაგრეები იმ ისტორიას გადმოგვცემს და საინტერესო მოვლენებთან ერთად ძველ დროში გვამოგზაურებს. ბონ ვოიაჟი დედაქალაქთან ახლოს მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი მნიშვნელოვანი ციხის შესახებ მოგიყვებათ,რომლებიც ყველაფერთან ერთად ლამაზ სანახაობასა და ხედებს გპირდებათ.

ბებრის ციხე

იგი ასევე ცნობილია ბელტის ციხის სახელით.ნაგებობა ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო, რომ IV საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით ბებრის ციხე მოქმედი იყო.ციხე ორი ნაწილისაგან შედგება – ციტადელისა და ქვედა ეზოსგან.ციხეზე არაერთ ლეგენდას მოისმენთ. ხედები გალავნიდან ულამაზესია,განსაკუთრებით მზის ჩასვლისას.

 ქსნის ციხე

ქსნის ციხე მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირთან ახლოს მდებარეობს, მდინარეების – ქსნისა და მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე.ძეგლზე ორი სამშენებლო ფენისგან შედგება. ციხე  XVI საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა. ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაგასაყარს აკონტროლებდა.ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან, აქედან კარგად მოჩანს მდინარეების მტკვრისა და ქსნის ხეობები. მასზე მისასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა.საინტერესო ფაქტებს გადმოგვცემენ ისტორიული წყაროები ციხესიმაგრეზე.მისი აგებისთანავე ავგიორგი ჯარით წამოვიდა და სიმაგრეს ალყა შემოარტყა. სამთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა, რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატმა საპასუხოდ ორაგული გაუგზავნა და შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე სანოვაგითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იყო და უკუიქცა. პეიზაჟი,რომელიც აქედან ისლება ყველა სეზონზე შთამბეჭდავია.

არმაზის ციხე

ისტორიული ციხე მაღალ, მიუვალ კლდოვან ქედზე დგას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას და მედიდურად გადმოჰყურებს ქალაქს. ნაგებობა ციხე გალავნისა და კოშკისაგან შედგება. ძეგლი ამჟამად ძალიან დაზიანებულია, თუმცა კოშკი უკეთაა შემორჩენილი. ციხის ისტორია მეფე ფარნავაზს უკავშირდება,რომელმაც კერპთაყვანისმცემლობა შემოიტანა და გადმოცემის თანახმად დაკრძალეს სწორედ ამ კერპის ქვეშ. რადგან მას სპარსულად არმაზი ერქვა სახელწოდება აქედან წარმოდგება. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზის ხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ხშირად ისინი ერთმანეთში ერევათ. რა თქმა უნდა თავად არმაზის ხეობა ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა და პიკნიკისა თუ ბუნებაში განტვირთვისთვის მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქვე ვისაც საინტერესო ფოტოების გადაღება უყვარს სამივე ლოკაცია მოგცემთ ამის საშუალებას.

magti 5g