LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყიფიანის“ ღვინო – ღვინო, რომელსაც მოგვიანებით სოფლის სახელი „ხვანჭკარა“ დაერქვა

166
ხვანჭკარა

წარმოვიდგინოთ, 1944 წელია, მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა. თეირანში უმაღლესი დონის კონფერენცია ტარდება, ერთმანეთის პირისპირ სხედან სტალინი და ფრანკლინ რუზველტი, მაგიდაზე კი დგას ქართული ღვინო „ხვანჭკარა“. საბჭოთა ბელადის მხრიდან იმ დღის მთავარი სამასპინძლო სასმელი სწორედ „ხვანჭკარა“ იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დიდი მოწონება ხვდა წილად და, საომარი ვითარების მიუხედავად, საუბრის გარკვეული ნაწილი ამ და სხვა ქართული ღვინის კალიფორნიაში გატანას შეეხო.

როგორ გაგრძელდა ქართული ღვინის ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გასვლის ამბავი, ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ კონკრეტულად „ხვანჭკარას“ რომ დავუბრუნდეთ, რაჭაში უნდა ვიმოგზაუროთ. რაჭის მხარეში შევდგამთ თუ არა ფეხს, პირველ მასპინძლად ნიკორწმინდის ტაძარი დაგვხვდება. XI საუკუნის ნაგებობა, რომლის მთავარი შესასვლელი კარი მთლიანად ვაზის ბარელიეფითაა მორთული. ტაძრის გარე ჩუქურთმებშიც იძებნება ყურძნის დეტალები და ეს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი გვაფიქრებინებს, რომ ვაზის კულტურა რაჭაში ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო გავრცელებული.

რაც შეეხება „ხვანჭკარას“, მის წარმოშობას სათავეში ედგა რაჭის თავადი დიმიტრი ყიფიანი – მეცენატი, კაცი, რომელმაც 1912 წელს დააფინანსა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. სწორედ დიმიტრი ყიფიანმა XIX საუკუნის ბოლოს არასრული დუღილის შეჩერებით, ბუნებრივად მიიღო ნახევრად ტკბილი ღვინო. მას საკუთარი სახელი – „ყიფიანის“ ღვინო დაარქვა, ჩამოასხა და რამდენიმე ისეთ ქალაქში გაიტანა გასაყიდად, სადაც ვაჭრობა უკვე განვითარებული იყო. მოგვიანებით ამ ღვინოს სოფლის სახელი „ხვანჭკარა“ დაერქვა, რომელიც 2005 წელს საქპატენტში დარეგისტრირდა, როგორც ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ხვანჭკარა“.

ხვანჭკარა წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე შეფერილობით. მისი არომატი და გემო არის უზადო, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხავერდოვანი, სასიამოვნო სიტკბოთი სავსე, რაც მოცემული არეალის მიკროკლიმატის პირობებში მოწეული ყურძნის ადგილობრივი ჯიშების უნიკალობისა და ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენების შედეგია. ხვანჭკარა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ამ სოფლის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და მისი შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 23%-ისა. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა კი არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები.

ერთი საუკუნის განმავლობაში ხვანჭკარას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო გამოფენაში და დაჯილდოებულია ოქროს მედლებითა და საპრიზო ადგილებით. მისი გამარჯვებების მცირე ჩამონათვალი ასეთია: 1900 წელი, ყიფიანის ღვინის სახელით, ბათუმის პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენა; 1907 წელი, ყიფიანის ღვინის სახელით, გრან-პრი ბელგიის საერთაშორისო გამოფენაზე; 1996-2000 წლები – 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე; 2000 წელი – გრან-პრი და ოქროს მედალი სოჭის საერთაშორისო გამოფენაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g