ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული.
საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ 200 ევროს არ უნდა გადააჭარბოს ბავშვის ბილეთმა.
მცირეწლოვანი შვილის მშობლის შემთხვევაში 250 ევროს არ გადააჭარბებს.
ეს არის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასი, რაზეც „ჯორჯიან ეარვეისთან“ მოდის მოლაპარაკებაზე და შეიძლება ეს გაკეთდეს.
ბოლო სამი დღის განმავლობაში საელჩოში შემავალი სატელეფონო ზარები კონცენტრირებულია საქართველოში გამგზავრების სურვილთან.
საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.
ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ და შემდგომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
როდესაც ამ სიას ამოვწურავთ, შემდეგ სხვა მოქალაქეების გამგზავრებაზე გადავალთ.
საელჩოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეძენის რესურსი არ აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საელჩოს შეიძლება ჰქონდეს რესურსი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ.
„აღარ არის პრაქტიკულად არც ერთი მიმართულებით კომერციული ავიარეისები. საქართველოს მიმართულებით ეს ფრენები არ შეწყვეტილა და ეს არის დასაფასებელი,“– განაცხადა ლაშა ჟვანიამ.